შენ გელის ორშაბათი

ჩაი უშაქროდ, ორი კოვზი ალუბლის მურაბა, კარაქიან პურზე თაფლი და სულგუნი, მშობლები კიკეთში, ცარიელი სამ ოთახიანი ბინა, მაღალ ხმაზე “Oasis”-ის “She’s electric” და მაქსიმალური განცდა დამოუკიდებლობის.

დღეს ნინის განსაკუთრებით ადრე გაეღვიძა, ფარდა გადასწია და ყველაფერი გადათეთრებული დახვდა, მისი ყვითელი მანქანის ჩათვლით. დიდი რაოდენობით თოვლის დანახვაზე შესცივდა, წამიერად გააკანკალა, მოიბუზა და აბაზანისკენ გაემართა. საუზმე სახლიდან გასვლამდე ბოლო პროცედურას წარმოადგენდა, რამაც გემრიელად ჩაიარა, საბავშვო ორბიტს თავი მოახია და ეკოს sms მისწერა: “5 წუთში ქვევით დამხვდი, გამოვდივარ….”.

ეკომ წინა ღამეს “Sex and the City”–ს ორივე სერიას უყურა, სამზე დაიძინა, რვაზე ტრადიციულად მაღვიძარას ხმა დაესიზმრა, თვალი გაახილა, არ მოეწონა, დახუჭა და გაინაბა. მოერედ უკვე ნინის sms-მა აიძულა თვალის გახელა. სანამ წაიკითხავდა, საათს დახედა და მიხვდა რომ დილის პროცედურის უმეტეს ნაწილზე უარის თქმა მოუწევდა. სამუშაო დღეს წინასწარ, წარმოსახვით გადახედა, წარმოიდგინა ყველა ის, ვინც მას დღის განმავლობაში ნახავდა, “oh, help me Lord” გაიფიქრა და ღამის პერანგით აბაზანაში შევარდა.

კაკუნი აბაზანის კარზე.
– ბებო ცხელი წყალი არ არის, გუშინ გაუშვა ბოლი გამაცხელებელმა და გინდა წყალი დაგიდგა?
– არა ბებო, გავრბიბარ, მეჩქარება.
– გაგვიანდება ბებია?
– კი ბებია.
– ძილის დრო შენ არ იცი, არეული გაქვს დღე და ღამე და აბა რა იქნება. რას იტყვიან სამსახურში, არ იტყვიან პატრონი არ ყავს ამ გოგოსო?
– ბებო გთხოვ, არ დაიწყო! მეჩქარება!
– მისდღემში მე მაჩუმებთ, არავის მოსმენა თქვენ არ გინდათ და რომ გამოგაპინტრიშებენ მაგ სამსახურიდან, ნახავ მერე…

ეკომ ცივი წყალი სახეზე ვერ გარისკა, თითები დაისველა და თვალებში ამოისვა, ტუჩებიც სველი, ცივი თითებით მოიბანა, კბილები გამოიხეხა, ფანჯარაში გაიხედა, ნინი დაინახა, სწრაფად ჩაიცვა და სახლიდან გაიქცა.

მახსოვს წლები, თბილისში ორშაბათი დილა არაფრით განსხვავდებოდა იგივე სამშაბათისგან ან თუნდაც შაბათისგან. ორშაბათის სიმძიმეს უმეტესად სკოლის მოწაფეები თუ გრძნობდნენ, მაგრამ იმ დროს სკოლაშიც პრინციპში როცა გინდა მიხვიდოდი და წამოხვიდოდი. მაგრამ ბოლო წლებში ქვეყანაში ახალგაზრდული დასაქმების პროგრამა გახურდა და ყველაფერი შეიცვალა.

ტალღა კრედიტ ოფეცრებით დაიწყო. ერთი პერიოდი თუ ვინმე დაუსაქმებლის ბედს მოვიკითხავდი ყველაზე მესმოდა ტექსტი “ბანკში დაიწყო მუშაობა, კრედიტ ოფიცრად”. გაივსო ქვეყანა სესხ ბანკებით (ასე ბანკებს ჩემი მეგობარი გიგი მოიხსენიებს) და თითქმის ყველა ოჯახში კალენდრებზე გადახდის თარიღები შემოიხაზა. სესხის ასაღებად ხელფასის ცნობა იყო საჭირო, ამიტომ ხალხმა მუშაობა გადაწყვიტა. ერი დასაქმდა და ამ ფაქტთან ერთად ორშაბათი დილა უფრო და უფრო მრავალ ოჯახში ხდებოდა აქტუალური და ყველა სხვა დილისგან განსხვავებული.

ორშაბათი, დილის რვა საათი –

სიზმარი ოდნავ შეინჯღრა, სახეები გაიწელა, ვათვიცნობიერებ რომ სიზმარში ვარ. ნელნელა ვიწყებ ყველაფრის გაანალიზებას, აღქმას, რომ არასკმარისი მეძინა, რომ ეს დილა წინა ორი დილისგან განსხვავდება და დისკომფორტი გარდაუვალია. თუმცა დაბადებიდანვე მონიჭებული თავისუფალი ნება და ძილის გაგრძლების არჩევანი ამ შეთხვევაშიც მოქმედებს, მაგრამ განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღება საკმაოდ ძვირად ფასობს. საერთოდ, დროთა განმავლობაში უფრო მეტი რამ ხდება შეფასებადი, ასე რომ ვცხოვრობთ მუდმივ ეკონომიაში, ვცდილობთ ნაკლებად გადავუხვიოთ რომ ძვირი არ გადავიხადოთ. ასე ტექნიკურად გვაიძულებს კაპიტალიზმი შრომას, თითქოს გადაწყვეტილებებს თავად ვიღებდეთ.

არ ვიცი ამ ყველაფერზე გაღვიძებისას, რატომ ვფიქრობდი. სიზმარიც საბოლოოდ გაქრა, ვცდილობ თვალები არ გავაღო, გონება დავძაბო, მაგრამ არაფერი არ გამომდის. კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ სიამოვნების შებრუნება რთული საქმეა, არადა ისიც საწყენია რომ ამ სიამოვნების მიღებისას მძინავს და თბილ შეგრძნებას სათანადოდ ვერ აღვიქვავ. მაგრამ იქ, სიზმარში ალბათ გაცილებით უკეთესია, თორემ გაღვიძება და ცხოვრებაში დაბრუნება ასეთი უსიამოვნო არ იქნებოდა.

საწოლი ფანჯარასთან, თვალებს ვახელ, მზე მანათებს, ტელეფონის საათზე მოჭუტული ცალი თვალით ფოკუსს ვასწორებ – 8:02 am, მაღვიძარა 13 წუთში დარეკავს, საშინელი ხმა აქვს, თავს ვიზღვევ და ვთიშავ. ფუნქცია დიდი ხანია დაკარგა, მაგრამ მაინც ყოველ ღამე ვაყენებ და უფრო მშვიდად მძინავს.

გაღვიძების ეიფორიით გაბრუებული, ვითვლი დილის თითოეული პროცედურისთვის საჭირო დროს და მაქსიმალურად ვწელავ წოლის წუთებს. დამატებითი დროის ამოწურვის შემდეგ, ვიწყებ უკვე პროცედურების ამოგდებას – ჩაის დღეს არ დავლევ, არადა მაცივარში რამდენი ,,ხორცები და პეჩენიებია”*, რომელზეც ,,შუადღის მერე არ ჭამის დიეტის” გამო მომიხდა გუშინ უარის თქმა. არადა მშია, მაგრამ არა უშავს, სამსახურის კაფეტერიაში ტოსტს გავაკეთებინებ, გავიფიქრე და იქვე წარმოვიდგინე თუ ტოსტში ამჯერად რეებს ჩავადებინებ…

ფიქრში გავერთე და უკვე წვერის გასაპარსად გათვლილი წუთებიც ამოვწურე. მომიწევს ორშაბათს სამსახურში გაუპარსავი მისვლა. დროც იმდენად სწრაფად გადის, რომ უკვე დაგვიანებაც, ნებისმიერ შემთხვევაში გარდაუვალია… მომიწევს ოფისში მეორე შესასვლელიდან შესვლა, ისე რომ უფროსის მოღიავებულ კაბინეტს არ ჩავუარო. ქურთუკიც გზად გიგის უნდა დავუტოვო დროებით, რომ ჩემი ოთახის შესასვლელის სიახლოვეს შემთხვევით გამვლელებში უკვე დიდი ხნის მოსულის შთაბეჭდილება დავტოვო.

ცხრას აკლია ოცი, გავიზმორე, ჩუსტებში ფეხი გავყავი და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი, სადაც ბებიაჩემის წინა დღით დატოვებული და ვერცხლის კოვზ ჩატოვებული თაფლიანი წყალი გადავკარი, სახე ჩამოვირეცხე, რამაც ნეტარებაში გატარებული შაბათ-კვირის მოგონებები სრულად წამიშალა, სწრაფად ჩავიცვი, დავიძახე – “მე წავედი” და ეზოში ჩავედი.

შემდეგ იყო ცივი საჭე, მანქანის გახურებაზე გაკეთებული დროის ეკონომია, სანაპიროზე 110 კილომეტრი საათში, Cold War Kids-ის სიმეღერის We Used to Vacation-ის ფონი, ოთახში შეპარვა, შემდეგ გამოპარვა ათის ნახევრისკენ და კაფეტერიიდან თეასთან ერთად დამსახურებული ტოსტი ამოვიტანე.

ორშაბათს ყველას და ყველაფერს დააგვიანდა, მათ შორის ტოსტსაც.

* ,,ხორცები და პეჩენიები” – ასე ვეძახით გემრიელ და ნოყიერ საჭმელს ჩემს სამეგობროში

This entry was posted in ზამთრის წერილები, Uncategorized. Bookmark the permalink.

14 Responses to შენ გელის ორშაბათი

  1. fiqro ამბობს:

    ჩემს სამსახურში ისეთი გრაფიკია საერთოდ არ მახსოვს ორშაბათის არსებობა. და თან არასდროს ვაგვიანებ

  2. Molly Bloom ამბობს:

    ორშაბათი მძიმე დღეა, პარასკევი საღამო – დროის ყველაზე სასიამოვნო მონაკვეთი და კვირა შვიდი საათის შემდეგ – საშინელება…

  3. marg0rita ამბობს:

    ნამდვილად, ხუთშაბათი კვირის ყველაზე კარგი დღეა, რომ იცი წინ რამდენი დასვენება გელოდება, აი კვირა დილიდანვე საშინელია, იმის გააზრებით რომ ხუთშაბათამდე მთელი 3 დღეა 🙂 ისე პირადად ჩემთვის ყველაზე ტკბილი და ნეტარი დილის 8.00-დან 8.15-მდე ნაჩუქარი ძილია 🙂

    • Gega Gabunia ამბობს:

      ტკბილი, მაგრამ ისეთი, მუდმივი უკმარისობის განწყობას რომ გიტოვებს))) საერთოდ ყველაფერი განსაკუთრებით გემრიელი ყოველთვის დეფიციტურია, ხიზილალის არ იყოს ))

  4. Kate ამბობს:

    რა კარგი პოსტია.
    მერე დავჯდები და კიდევ ერთხელ უკეთესად წავიკითხავ.

  5. Mariam Kavtaradze ამბობს:

    ძალიან მაგარი იყო… მომეწონა და ამ ბლოგის მკითხველი ვხდები 🙂

    • Gega Gabunia ამბობს:

      გმადლობ )) შენი სპორტული ინტერესებიდან გამომდინარე გირჩევ წაიკითხე ,,მსუყე დღე უკეთესი მომავლის პერსპექტივით” და ,,დილა, ლელო, ნატო და მაკეინის გამარჯვება”, იხალისებ ))

  6. Shorena Shorena Chelidze ამბობს:

    me miyvars orshabati axali kviris dge ityeba ragac imedebit da siaxleebit veli xolmeorshabats

Leave a reply to Gega Gabunia კომენტარის გაუქმება