Champagne Supernova

– ჩაის მოვიტან და კარგად მომიყევი.
– ბინდია მიგრიაულის ამბებით თავბრუს არ დაგახვევ, იმ პატარა ამბავსაც არ მოგიყვები ბუზივით რომ დაგვეხვია თავს. კარგით დავიწყოთ და კარგითვე გავაგძელოთ. საერთოდ კარგზე ვილაპარაკოთ, რომ კარგ ხასიათზე ვიყოთ. იმ დღეს ბახტრიონზე მეგობართან ავდიოდი, თონეს ჩავუარე და ისეთი სუნი და სითბო მეცა, ცოტა ხანს შევჩერდი, მერე სულ ახალი ცხელი პური ვიყიდე და ავიტანე. ისე მაგარი უცნაური იქნება, სულ უცხო ადამიანთან რომ ადიოდე სახლში და ,,პირველდ ოჯახში ავდივართ”-ის ,,გაგებით” პური რომ აიტანო.

პატარა სახლის დიდ ოთახში შევგროვდით. საბჭოური კაპიტალური რემონტი, ისეთი, დღემდე რომ მოაღწია და ხელახალი რემონტის აუცილებლობის შეგრძნებას რომ არ აღძრავს. აქა-იქ ბავშვის ჩინური სათამაშოები ყრია. კედლებზე სურათები, ფანჯრები დახურულია, გათბობა ჩართულია და 20-იდან 10 ეწევა. ბუღმა გონება ჯერ მოადუნა, შემდეგ გახსნა და მრავალმხრივი ცალკეული დიალოგები, მრავალჟამიერივით ერთ ხმაში შეკრა. მუსიკა 70-იანებიდან 80-იანებში შეუმჩნევლად გადავიდა და 90-იანების ბრიტპოპით გაგრძელდა. დიდი ყურადღება მუსიკას არც ეთმობოდა. აქა-იქ კომენტარები თუ კეთდებოდა და თემა აღარ გრძელდებოდა.

Oasis-მა თინეიჯერული სულისკვეთება და 90-იანების MTV გამახსენა. სკოლაში გოგო მომწონდა, რომელმაც ყველა სიმღერა ზეპირად იცოდა, რაც MTV-ზე გადიოდა. ერთ დღესაც თავის მოწონების მიზნით ტელევიზორს მივაშტერდი, ყურები დავძაბე და ერთი კვირის თავზე ყველა ჯგუფის და სიმღერის სათაური და ისტორია ვიცოდი. სკოლაშიც მუსიკაზე მარტო ჩვენ ვსაუბრობდით და მეც ბედნიერი ვიყავი.

ამ დროს ერთერთმა სტუმარმა ნოელ გალაჰერს ხმას აუწია, ოაზისის სოლისტმაც ყურადღება მიიპყრო და სიმღერით Don’t look back in anger თემა გააღვივა.

ამ look back in anger-ს დიდი ისტორია აქვს. ერთი ინგლისელი მწერალი იყო, რომელიც ბრიტანულ ისთებლიშმენტს ებრძოდა და რით დაამთავრა? სერის ტიტული მიიღო. მიიღო და მისი აჯანყების მცდელობაც წარსულს მიბარდა. კინგსლი ემისი ერქვა. უნივერსიტეტში ერთ ხანს ლიტერატურის ლექტორი angry young man-ს მეძახდა და ამ მაგალითით მიმანიშნებდა, რომ ჩემი ბრაზი წარმავალი იყო. მოკლედ ყველაფერი დაიწყო ემისის თანამოაზრის, ჯონ ოსბორნის ნაწარმოებით, რომელსაც “Look back in anger” ერქვა. მას და მის ,,საბუტილნიკებს” დაარქვეს angry young men, ხოდა ეს ფრაზა მას შემდეგ სიმბოლური გახდა ბრიტანულ კულტურაში. აი ლიამი და ნოელიც გვეთანხმებიან. თუ პირიქით არ გვეთანხმებიან? ეშმაკმა იცის მათი თავი.

კარგი ჯგუფი იყო ოაზისი, მაგრამ დიდ ხანს ვერ გაქაჩეს. რამოდენიმე ჰიტით შემოიფარგლნენ და გაქრნენ. არადა თავიდან ბითლზს ადარებდნენ. ისე, რომელი ჯგუფიც ბითლზს შეადარეს, ყველას დაღი დაესვა და გაქრა. ჩემი აზრით ადამიანების უმეტესობა ადვილად კმაყოფილდება და დიდ წარმატებასაც შესაბამისად, მოსახლეობის ძალიან მცირე პროცენტი აღწევს.

განსაკუთრებით ადვილად ქართველები ვკმაყოფილდებით. ვინც ვერ კმაყოფილდება და პრეზიდენტი ხდება. კაი ტიპებიც ვიწრო წრეში პოპულარობით კმაყოფილდებიან და კაი ტიპობიდან ცხოვრებას ,,ლუზერის” სტატუსით ასრულებენ.

მერე ,,აუ სახლში არ გვინდა რაააა”-ო, დაიწყო ერთმა, აჰყვა მეორე, მესამე, კვორუმი შეკრეს და გარეთ გავედით, ,,სადმე დავსხდეთ და მერე კლუბში”-ო. მოკიატო ვანილით და კარამელით, ორმაგი კაპუჩინო, ფრაპუჩინო, უცხო სუნელი, ხმელი წიფელი, ძირა, გელა და რამოდენიმე უგონო მთვრალი თბილისის ქუჩებში. კლუბში შეკვეთები გახურდა და არყით გაიჟღინთა.  ზოგი ცოტა ადრე, ზოგიც ცოტა გვიან დაკმაყოფილდა და დილის 5 საათისთვის გავქრით.

სახლში შევედი, საბანი გადავწიე, ლოგინში შევწექი, ოაზისის ალბომი მოვქექე ფონად და ტკბილად დავიძინე. ტექსტებიდან აკვიატებული ფრაზა ძილში,  გაღვიძებამდე გამყვა – “How many special people change? How many lives are living strange? Where were you while we were getting high?”

Champagne Supernova – ძილში გაყოლილი სიმღერა

Advertisements
გალერეა | This entry was posted in ვოიაჟების ქრონიკა, ზამთრის წერილები, ღია წერილები, Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s