ნაპოვნი დღიურების კრებული – 1

ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი და თუხთუხა ტყემლით სავსე ჯამიც დაიცალა. მოხუფა ბოლო ქილაც და სარდაფის თაროებზე შემოაწყო. ყოველთვის თვლიდა რომ მოსახუფი უნდა მოიხუფოს. რძით სავსე ქვაბიც ადუღდა, მიუსწრო და გაზი გამორთო. დაწვა და დაიძინა.

არადა ძილისთვის დრო ყოველთვის ენანებოდა, თვლიდა რომ მტერთან ერთად არც დიდად მოყვარე ჰყავდა ვინმე. პატარა აღარ იყო და რაც წლები ემატებოდა სიკვდილზეც მეტს ფიქრობდა. თვლიდა რომ ძალიან ცოტა იცოდა და შესაბამისად ძალიან ბევრი ესმოდა.

გიჟდებოდა ლობიოზე, მწნილზე და ანონიმურ კლუბებზე. სულ აინტერესებდა, მაგრამ მისვლას ვერ ბედავდა. ცეკვაც ყოველთვის უნდოდა, მაგრამ ერიდებოდა. ღამის კლუბებში ხშრად დადიოდა, დალევდა და სხვებს ჩუმად აკვირდებოდა. კითხვა უყვარდა, ბევრსაც კითხულობდა და ყველა დეტექტივის დასასრულსაც ყოველთვის იცნობდა.

მეოთხე ქსოვდა, სვამდა, ხშირად ტყუიდა, თუმცა არავის ვნებდა. ლექსებსაც წერდა, ოღონდ უტყდებოდა და არავის აკითხებდა. მუდმივად დიეტაზე ყოფნით ძალიან გახდა, სარკეში ჩაიხედა, არ მოეწონა და ისევ გასუქდა. ცხოვრობდა მარტო, ჰყავდა შვილი და შვილიშვილი. ძირითადად შვილიშვილს უქსოვდა და შვილიც შვილიშვილს დედის მოქსოვილს აცმევდა.

შვილი იშვიათად ბრაზდებოდა, ხშირად იცინოდა და დედაც ძალიან უყვარდა. ქმარი არ სვამდა, მაგრამ ეწეოდა. თავისით ახვევდა ღერებს და აივანზე აფუილებდა, შვილს ხშირად ასეირნებდა და თავისი ბავშვობის ისტორიებს უყვებოდა.

შვილიშვილი გონიერი ბავშვი იყო. 5 წლის უკვე განტოლებებს ხსნიდა, 3 ენა იცოდა და თავის ტოლებთან ბევრ საერთოს თითქმის ვერ პოულობდა. მეგობრები უნდოდა და თამაშობდა ხან ლახტს და ხან წრეში ბურთს.

ცხოვრობდნენ მშვიდად და არც ვინმეს ვალი ჰქონდათ. ტყემალზე გიჟდებოდნენ და ბებოც ყოველ ზაფხულს ხუფავდა. კიდევ ათას რამეს ხუფავდა და მეზობლებს ასინჯებდა. მეზობლებიც ყოველ ზაფხულს მურაბების მოლოდინში ატარებდნენ. არადა ხილი ძვირდებოდა და აღარც იმდენი იხუფებოდა ყველას რომ ჰყოფნოდა.

2015 წელს ქალაქში მერს ირჩევდნენ რომელიც ყველას სიკეთეს ჰპირდებოდა. კეთილი კაცი იყო და აირჩიეს კიდეც. საქმეც ის იყო რომ მარტო კეთილი იყო და სხვა არაფერი. იმ წელს სხვათა შორის ყველაზე კეთილ მერებს შორის დასახელდა. ხეებს ბევრს რგავდა, თითქმის ყველგან, სახურავებზეც კი. ხელფასს არ იღებდა და მეთუნუქეებს ურიგებდა. გიჟდებოდა ჭაღებზე და მთელი ქალაქი ჭაღებით მორთო. ყველგან ჭაღი ეკიდა, გამგეობების ტუალეტებშიც კი. ქალაქის მთელი ფული განათებაზე იხარჯებოდა. გადასახადიც ერთი იყო, ,,ჭაღის გადასახადი”.

ამოუვიდა ხალხს ყელში და ერთ ახალ წელსაც სასწაული მოხდა. 2016 წლის 31 დეკემბრის ღამეს, ქალაქის მთავარ საათს 12-ჯერ რომ უნდა ჩამოეკრა, დიდმა თუ პატარამ პროტესტის ნიშნად შუქი ჩააქრო. ყველა ოჯახში ბნელოდა. ქალაქში მარტო გარე განათებები ენთო. ამანაც მხოლოდ 15 წუთს გასტანა. მერს შერცხვა და სიკეთით გამოწვეული სოლიდარობით ცენტრალური განათებაც გამორთო. ბნელოდა და ახალი წელი დგებოდა. პირველ იანვარს ყველა ქუჩაზე კოცონი ენთო და ხალხიც მის გარშემო თბებოდა. არც უკან დახევა უნდოდათ, სიცივესაც უკვე ვეღარ უძლებდნენ და ქალაქიც ნელ-ნელა ყველამ დატოვა. მეც გზა აღარ დამრჩა და შესაბამისად ყველა ჩემს ქალაქში მოვიწვიე.

ირაკლი ჩარკვიანი – ახალ წელს

Advertisements
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s