მზის დარტყმა

20 წამიც და წითელი აინთება. აინთება და მერე ერთი წუთი უნდა ელოდო, ფანჯრები აწიო და ითვალო. ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი… ყველაზე ცუდია კვირამდე რომ მიხვალ, გინდა გაჩერდე, არადა ყველაფერი ისევ თავიდან ორშაბათით გრძელდება.

ხოდა ვერაფრით ვერ მივაგენით. ძალიან დაღლილები ვიყავით, ძალაგამოცლილები. ვჭამოთო. რა დროს ჭამაა მეთქი. ძალიან ბნელოდა. ერთმანეთსაც, რამოდენიმე კილომეტრის დაშორებით განათებული კორპუსების ხარჯზე ვხედავდით. უცნაური სიჩუმე ჩამოწვა, ერთმანეთის სუნთქვა გვესმოდა. შემდეგ, თითქოს ყველა მანქანის სიგნალიზაცია ერთდროულად ჩაირთო და აუტანელი ხმაური ატყდა. მეგონა აფორიაქებული ხალხის დიდ მასას დავინახავდი, თუმცა კაციშვილი არ გამოჩნდა. მაზუთის სუნი იდგა.

რაღაც ანეკდოტის მოყოლა დაიწყე და ვერ დაამთავრე. სიცილი აგიტყდა, მეც აგყევი, მერე ორივე გავჩუმდით. „არა რა, მაგარ შარში ვართ“, მითხარი და მეც დაგეთანხმე. ყველაფრის მიუხედავად, მაინც არსად ვჩქარობდით, არც პანიკას ავყოლილვართ. ეგ კი არა, საერთოდ მემგონი არც გვინერვიულია.

რაც ეს ახალი პოლიტიკოსი გამოჩნდა, ყველაფერი შეიცვალა. ამბობენ დიდი და გულუხვი ადამიანიაო. თურმე ბაზარში და ბაზრობებზე დადის გადაცმული და ხალხს აკვირდება, მათ გასაჭირს ეცნობაო. კიდევ ამბობენ, ღამ-ღამობით სახურავებზე დაძვრება და ხალხს ანტენებს უსწორებსო. გმირია, გმირიო. ტარიელიაო, ავთანდილიაო, ყველაზე დიდიაო, ვის არ ადარებენ. გამოჩნდა ის, ვისაც ამდენი ხანი ველოდითო.

ილუზიური გმირი შექმნეს, რომელსაც საუკუნეები ელოდნენ და არ გამოჩნდა. შეუქმნეს ისტორიები, რა არ დაწერეს, მხოლოდ სახელი ვერ მოუფიქრეს. ვერ შეთანხმდნენ. ყველა თავისი სახელისკენ ექაჩებოდა. ვერც იმაზე შეთანხმდნენ, რომ ვისაც რა უნდა ის დაეძახა. ეგრე არ გამოვა, დავიბნევითო და საერთოდ უსახელოდ დატოვეს.

უსახელოზე, ,,უსახელაური“ გამახსენდა. ღვინო, რომელიც ცაგერის რაიონის რამოდენიმე სოფელში მოყვანილი ყურძნის უნიკალური ჯიშით მზადდება. ,,უსახელაურზე“ სტალინი გამახსენდა. ადგილობრივები მიმტკიცებდნენ
სტალინის საყვარელი ღვინო იყოო, მარტო ამას სვამდაო. ღვინოც, სპეციალურად
სტალინსთვის მზადდებოდა და მოსკოვში იგზავნებოდაო. იგივეს მოისმენ რაჭველებისგან ,,ხვანჭკარაზე“ და გურულებისგან ,,ჩხავერზე“. ჯერ ფაქტს ამტკიცებენ და შემდეგ აყოლებენ „ხოდა სტალინი ცუდს ხო არ დალევდა, თუ არა საუკეთესოს“-ო.

ისე გიყვები, თითქოს ბავშვი იყო და გაძინებდე. ხომ არ დაიღალე? თუ შეგცივდება, რამოდენიმე მეტრში უფრო ღრმა ტალახი ვიცი და იქეთ გადავწვეთ. ძალიან გაგვეწელა დღევანდელი ღამე. თან როგორი სუსხია, არადა არ გათენდა.

მზე ამოვა და ძებნაც გავაგრძელოთ. ისე, რა ჭკვიანურად მოიქეცი ამ რუკას ლამინირება რომ გაუკეთე, თორემ აქამდე უკვე დაგვილპებოდა ან დაგვეფლითებოდა. მაინც ვერაფრით ვერ ვიჯერებ ჩვენამდე, როგორ ვერავინ ვერ ნახა ეს რუკა.

ისე, ყოველთვის, როცა რუსთავში მოვდიოდი, სწორი ტრასიდან ვუყურებდი ტრიალ მინდვრებს და ვფიქრობდი, რომ აქ კარგი სტადიონი აშენდებოდა. კიდევ კარგი ჩემს გარდა ეს იდეა ვინმე მდიდარს არ მოსვლია აზრად, თორემ განძიც სამუდამოდ მიწაში დარჩებოდა, ან მშენებლობის დროს რომელიმე მუშა მიაგნებდა.

ვიგრძენი, რომ უკვე აღარც მისმენდი, ჩაგეძინა. მეც ნელ-ნელა ვითიშებოდი. შემდეგ იყო გრძელი გაურკვეველი პაუზა და ჩვეული სიბნელე. ყველაფერი თითქოს ერთმანეთში აირია და დილით ადრე, სოფლის სახლში, გაკრახმალებულ ლოგინში გამეღვიძა. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მთელი ღამე ვსვამდი.

უცხო ავეჯი, სუფთა ჰაერი, ფანჯარი ღია დაუტოვებიათ, ჰაერი რომ შემოსულიყო. კუთხეში, ერთადერთ სკამზე 5 კაცის მიყრილი ტანსაცმელი. პირველი სართულიდან ხმა ამოდის – ,,პრიმიერ მინისტრი შეხვედრებს ანგოლისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართავს…” იმდენად ძლიერად გავიზმორე, რომ ყურებმა ტელევიზორის ხმა სრულად ჩაახშო, შემდეგ ისევ ,,…იწვიმებს, ხოლო ფოთსა და ბათუმში 18 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი”.

მოჭუტული თვალებით
გაყინული ჯინსები ჩავიცვი, ეზოში პირი დავიბანე, პირსახოცი ვეძებე, ვერ ვიპოვე,
ხელპირი მაისურით გავიმშრალე, პირველ სართულზე შევედი, სიგარეტს მოვუკიდე, წყალი დავადგი და ტელევიზორის წინ დავჯექი – ,,გადმოერთე და შენ გეძლევა უნიკალური შანსი…”. წყალიც ადუღდა. ჩაი დავისხი, წყალი დავამატე, მესიჯი მოვიდა, ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე, დავხედე –

სტოქჰოლმი, შვედეთი, სელმა
სვენსონი, 9 საათზე რესტორან „ფრანცენ ლინდებერგში“.

თითქოს სიცხე მქონდა, ვერაფერს ვერ მივხვდი, მოვდუნდი, თვალები დავხუჭე, თავბრუ დამეხვა, მოვეშვი და გავითიშე.

შემდეგ იყო გრძელი პაუზა, გრძელი ქუჩა და ჩრდილოევროპული საღამოს სასიამოვნო ხმაური. რაც უფრო მეტს მივდიოდი ამ ქუჩაზე, გარემოსაც უფრო ადვილად ვეგუებოდი და ვითავისებდი. ქუჩის სახელს დავაკვირდი – 19 Lilla Nygatan. ცოტაც გავიარე და ამავე ქუჩის 21 ნომერში რესტორნის სახელმა მიიქცია ყურადღება – ,,ფრანცენ ლინდებერგი“. საათს დავხედე 20:55. გერმანული სიზუსტით გავჩენილვარ სტოქჰოლმში. რადგან წერილის მიხედვით ყველაფერი ხდებოდა, სელმა სვენსონთან შეხვედრაც გარდაუვალი ჩანდა.

რესტორანში უმეტესად გრძელი მაგიდები იდგა. სავარაუდოდ ის ადგილი იყო სადაც სამუშაო კვირით გადაღლილი ჩრდილო-ევროპელები ბავშვობის მეგობრებს ხვდებოდნენ და კარგ დროს იხსენებდნენ. ხმადაბალი ჟრიამულის ფონზე დავინახე მარტოდ მჯდომი გოგო პატარა თეთრ მაგიდასთან. მაგიდა ვიტრინასთან იყო მიდგუმული რომელიც ქუჩაზე გადიოდა. გოგო, რომელიც ჩემი ვარაუდით და სურვილით სელმა უნდა ყოფილიყო, ქუჩაში გადახვეულ წყვილებს აკვირდებოდა
და იღიმოდა.
– მე გეგა ვარ, თქვენ ალბათ მოლი უნდა იყოთ…
– მე სელმა ვარ. გამარჯობა. როგორ მოგწონს სტოქჰოლმი?
– ჯერჯერობით მარტო ამ ქუჩის ნახვა მოვასწარი, თუმცა ეტყობა რომ საინტერესო ქალაქია.
– კარგია, რომ ჯერ არაფერი გინახავს, მე განახებ. აი ამ ქუჩის იქით პატარა მოედანია, რომლიდანაც ოთხივიწრო, მაგრამ გრძელი ქუჩა გადის. ოთხივე ქუჩა ფეხით მოსიარულეთათვის არის, სადაც ძალინ ბევრი და ერთმანეთისგან განსხვავებული პატარა გარე კაფეებია. საერთოდ აქ ყველაფერი მინიმალისტურია. ამინდიც კარგია. აქ ზაფხულის სიცხე გსიამოვნებს და არ გაწუხებს. არც იმდენი უცხოელია, როგორც პარიზში ან ლონდონში და როგორც ტურისტი შენს მიმართ ყურადღებას უფრო იგრძნობ. ხალხიც საკმაოდ კეთილგანწყობილი და სტუმართმოყვარეა. ვფიქრობ ზაფხულის გასატარებლად ერთერთი ყველაზე კარგი ქალაქია ევროპაში…

სელმათი იმდენად მოვიხიბლე, რომ ვგრძნობდი დაბნეულობა სახეზეც მეტყობოდა, მაგრამ რამოდენიმე წუთში გადამიარა და დავიწყე მისით ტკბობა. დიდი ლურჯი თვალები ჰქონდა. თხელი ტანი, შავი თმა, კაბაც თხელი ეცვა, რომელშიც შიშველი მხრები უბზინავდა. უბზინავდა ბუნებრივად წითელი ტუჩებიც და თეთრი კბილები. გრძელი თხელი თითები. უფერული ლაქი. კაბა მუხლებამდე. ფეხი ფეხზე ჰქონდა გადადებული, ძალიან თავისუფლად იჯდა, ბევრს იღიმოდა და ვგრძნობდი რომ მიყვარდა.

იმდენად კარგად ვიგრძენი თავი რომ არაფრის გარკვევა აღარ მინდოდა, მსიამოვნობდა როგორც ვიყავი და მომწონდა ადგილი სადაც აღმოვჩნდი. მერე ვაკოცე, გარეთ ვიყავით, ვიწრო ხმაურიან ქუჩაზე, ხელი მომხვია და ხმები ჩამესმა:
,,გაიღვიძებს მალე, მზის დარტყმის შემდეგ უნდა ეძინოს რომ გამოვიდეს, არაფერი
საშიში არ არის, უბრალოდ მზემ ძალიან დააჭირა და თან ქუდიც არ ეხურა“.

Advertisements
გალერეა | This entry was posted in ვოიაჟების ქრონიკა, Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s