შუა ღამიდან დილამდე

ეზოდან არ შეიყვანეს, პირდაპირ გადაჭიმეს. ისეთი ბინაა რა, ახალგაზრდებმა რომ უნდა იცხოვრონ. ჯერ გასალესია, მეტლახსაც ალბათ მალე დააგებენ. არადა ყველაფერი დროში იწელება, კარიც არ ჩაუსვამთ. მშოლბლებთან გადავიდნენ. იქ ცივა, გაზის გამათბობელიც ბინას ვერ ერევა. არასტანდარტული პროექტია დიდი ოთახებით. საღამოობით მუხლებზე კუბოკრულ პლედს იფარებენ და ლოტოს თამაშობენ. ლოტოზე დომინო გამახსენდა, დომინოზე ლამფის შუქი, უშუქობის დროს ვთამაშობდით მთელი ოჯახი. არა, ძალიან უცნაური ხალხი და ქვეყანა დამესიზმრა.

ვერ გაიგებდი აფორიაქებულები იყვნენ თუ მოშვებულები, იძინებდნენ თუ ფხიზლდებოდნენ, უყვარდათ თუ სძულდათ, ფიქრობდნენ თუ თაყვანდებოდნენ. აღელვებდათ მაღალი ძაბვის გადამცემების ბედი, იცვლიდნენ ფაზებს და ფიდელებს, ყიდულობდნენ გენერატორებს და ჯაჭვებით აბამდნენ, რომ არ მოეპარათ. მახსოვს შიგადაშიგ საბურავებსაც წვავდნენ ქუჩებში და ხალისობდნენ. თვალშისაცემი იყო ხელოვნურად გამოყვანილი ძაღლის ჯიშების სიმრავლე ქალაქის ქუჩებში. ძაღლებს ასეირნებდნენ, აჩხუბებდნენ, ისროდნენ და საღამოობით გიტარაზე უკრავდნენ.

მზე კი ამოდიოდა, თან ყოველდღე, მაგრამ მაინც ძალიან ბნელოდა. თან სიბნელის ეშინოდათ. ღამე ცდილობდნენ არ გასულიყვნენ, ან აცილებდნენ, ამ დროს გაიცნობდნენ, განმარტოვდებოდნენ, სახლთან მიიყვანდნენ, სადარბაზოში აკოცებდნენ, ცოლად მოიყვანდნენ, ბავშვს გააჩენდნენ და სკოლაშიც შეიყვანდნენ.

გარდამავალ დროში “переходящий” BMW, ყველაზე პოპულარული მანქანა გახდა. განსაკუთრებით კრიმინალებს, კრიმანალ პოლიციელებსა და ამ ორივე სექტის მიმდევრებს შორის.

იყვნენ ისეთებიც ვინც უარი თქვეს გარდამავალ დროზე და არც გადააბიჯეს, უბრალოდ თვალი დახუჭეს და ზუსტად ისე აგრძელებდნენ ცხოვრებას, როგორც მანამდე. კვლავ ამოჰქონდათ “ავოსკებით” რძე და კეფირი, დილის 7 საათზე, ჩაიში შემორჩენილ ნატეხ შაქარს ყრიდნენ, სამზარეულოში რადიოს უსმენდნენ და ზრდიდნენ შვილებს, სილაღე მოკლებულებს.

ძველი კაფელი, მეტლახი ჩამტვრეული, დიდ ხანს, რომ უყურებ და ფიგურებს ეძებ. აბაზანაში ტაშტები, ტაშტებში სარეცხი, პრაღიდან ჩამოტანილი ძველი ტანსაცმელი. გემებს ვაწყობდით და ვანაში ვუშვებდით.

იყვნენ ისეთებიც, ვინც დროს გაუსწრეს, გადააბაჯეს, შემდეგ იქ ჩარჩნენ, წინ ვერ წავიდნენ, წიგნებში დაიკარგნენ, მუსიკა მოუძველდათ, ფული ვერ იშოვეს, მერე დაიბოღმნენ, სახლში ჩაიკეტნენ, დაცინვას აყვნენ, თავადაც დასცინეს, ერთმანეთს დასცინოდნენ, დღემდე დასცინიან და თითქოს იცინიან.

ზაფხულში ალბათ კიკეთში ავალთ, ბავშვისთვის კარგია, ჰაერზე იქნება. მეც წავალ, გავყვები, ჰაერზე ვიქნები, ტელეფონს გამოვრთავ, შეშას მოვზიდავთ და ბუხარს დავანთებთ. ღამეს გავათენებთ, მზესაც ამოვიყვანთ, სახლიც მანამდე ალბათ აშენდება.

სარეცხს გარეცხავენ, მზე რომ გაანათებს, გარეთ გამოჰფენენ გასამზეურებლად.

Advertisements
გალერეა | This entry was posted in ზამთრის წერილები, ზაფხულის წერილები, ღია წერილები, Uncategorized. Bookmark the permalink.

5 Responses to შუა ღამიდან დილამდე

  1. აქსიომა ამბობს:

    მაგარი ბლოგი გაქვს. რატომ აღარ წერ?

    • Gega Gabunia ამბობს:

      გმადლობ. კიდევ რომელი პოსტი მოგეწონა? ბევრი პოსტი დავიწყე და აღარ დავამთავრე შესაბამისად არც აქ დამიდია. ალბათ აღარც დავამთავრებ და რამე ახალს დავიწყებ, თუ განწყობაც მექნება რა თქმა უნდა ))

  2. აქსიომა ამბობს:

    რამდენიმე წავიკითხე, რომელიმეს გამორჩევა უხერხულია. მართლა მომწონს და წარმატებულ ბლოგინგს გისურვებ. 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s