Facebook თბილისში, ან პირიქით

Log in –> Home –> Most Recent

ნინუცამ “Fashion Week”-ის სტენდის ფონზე გადაღებული ფოტო ატვირთა, ქეთკამ მოუწონა, ელომაც, ნიგრიტიანკამ, სალომემ, ზალიკომ და ჩაეშვა კომენტარები:

– როგორ მომწოოოოონს

– mmmm….. mec!!!

– ვაიმეეეე, ჩემი კაბააააა

– ულამაზესი ხარ ნიიიინ!!!

– მეც მინდააააა…

– მომენატრეეეე კრასავიცაააა!! როდის გნახოოო?

– მეც! გკოცნით ყველაააას! ამ დღეებშიი, Kiss!!!!!!

ნინუცა სკოლის მოწაფეა, წელს აბარებს. ემინემი წარსულს მიაბარა და ნორა ჯონსზე გადადის. ასევე მოსწონს 90-იანი წლების სოულის მომღერალი ჯგუფები, მიუხედავად იმისა, რომ მოძველდნენ და მის გარშემო არავინ აღარ უსმენს. ყელში ამოუვიდა მასწავლებლებთან სიარული, ეპრანჭება მოპირდაპირე სადარბაზოში მცხოვრებ თემუკას, რომელთან ერთადაც ინგლისურზე დადის. ფოტოც მისთვის თავის მოსაწონად ატვირთა, მაგრამ თემუკა სწორედ იმ დილას წაიყვანა ბიძამისმა გუდაურში…

შემდეგი პოსტი ნატას, გაცილებით უფრო გამოცდილ ,,ფეისბუქელს” ეკუთვნის. 1999 წელს mIRC-ში დარეგისტრირდა, წლებთან ერთად აპლიკაციებიც იხვეწებოდა, გამოიარა ICQ, შემდეგ MSN და Yahoo Messenger-ი ერთდროულად. ზოგი მეგობარი აქ, ზოგი იქ, დაყოფილი ინტერესთა სფეროების მიხედვით. 20 წლის ასაკში მიხვდა, რომ ინტერნეტ სივრცეში იკარგებოდა და გადაწყვიტა ვირტუალურ და რეალურ სამყაროებს შორის ზღვარი დაებალანსებინა. დაიწყო ფიქრი მომავალზე და გახდა ,,ენჯეოშნიცა”. ორი წლის თავზე კონკურსში გაიმარჯვა და მაგისტრატურა კოლუმბიის უნივერსიტეტში გაიარა. ,,ფეისბუქზეც”სწორედ იქ დარეგისტრირდა. ნატას ნაირი ხალხი მაშინ განსაკუთრებით სჭირდებოდა ქვეყანას და ხელისუფლებამაც ის სამშობლოს და ხალხის სამსახურს დაუბრუნა.

განვლო წლებმა და ნატა კვლავ ,,ენჯეოშნიცაა”, მხოლოდ ამჯერად საერთაშორისო ორგანიზაციის მისიას ხელმძღვანელობს საქართველოში. მისგან თითქმის ვერ მოისმენთ გენდერულ თუ ეთნო იუმორს. საუბრობს ინგლისურ-ქართულად, სამეგობრო წრეც შესაფერისი ჰყავს და სტატუსებიც ინტელექტის და საკუთარი საქმის სიყვარულის გამომხატველი, დამახასიათებელი  ოპოზიციური ქვეტექსტით – “NGO style”. ასე მაგალითად:

guys გადავარჩინოთ სიკვდილს 20 უპატრონო ძაღლი!

– 2 მყავს უკვე ქუჩიდან აყვანილი, თორე ხო იცი with great pleasure!

– იქნებ ვინმეს ურჩიოთ, come on…….

– ჩვენ უკვე ავიყვანეთ, ოფისში გვყავს, ზუკა უვლის 🙂

– დაიცადე ნატ, პადრუშკებში გავავრცელებ…

სამოქალაქო სექტორის აქტიურმა წარმომადგენლებმა კომენტარები არ დაზოგეს, მოწოდება სხვებსაც გაუზიარეს და შედეგად 7 თავის მოჭრას გადარჩენილმა ძაღლმა ბინა უფლებათა დამცველ ,,ენჯეოშნიკებში” ჰპოვეს. ნატასთვის დღე წარმატებულად შეფასდა, საკუთარივე სტატუსი ,,I had a dream…” ,,დაალაიქა”, დაწვა და დაიძინა.

მესამე პოსტს “ინტელექტუალური ელიტა” ქოქავს. ეს სექტორი ,,ფეისბუქზე” ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. საერთოდ ამ კლასს ახასიათებს ყველაფრის ,,გოიმობად” მონათვლა, იმდენად რომ ..გოიმობის” არ ჩადენის მუდმივი შიშით თავად საკმაოდ ერთფერონევნები და დეპრესიულები ხდებიან. ეს ფენა კიდევ რამოდენიმე ქვე-ჯგუფად იყოფა: 1. აკრიტიკებენ ყველაფერს ძველს; 2. აკრიტიკებენ ყველაფერს ახალს; 3. აკრიტიკებენ ძველსაც და ახალს, უძრავს, მოძრავს, მეზობლის კატას, მეცენატებს, ნათესავებს, ქრისტიან-დემოკრატებს, ამინდის პროგნოზს, კონფუცის, პაპსას და ა.შ.

სოციალური ქსელის მომხმარებელთა ეს სეგმენტი ხშირად საინტერესო და სასარგებლო მოთხოვნებსაც ,,პოსტავს”. ერთერთი მათგან წამოსული სასარგებლო და ,,გაპაპსებული” მოთხოვნა ბუკინისტების დაბრუნება იყო. ჯგუფიც შეიქმნა “დააბრუნეთ ქუჩის ბუკინისტები”, რომელშიც იმდენი ათასი ადამიანი გაწევრიანდა, რომ ამდენი აქტიური მკითხველი, რომ ყოფილიყო თბილისში, წიგნის გაყიდვა, ერთერთი ყველაზე სარფიანი ბიზნესი იქნებოდა ალკოჰოლით და სიგარეტით ვაჭრობის შემდეგ.

მოთხოვნა კარგი იყო, თუმცა ბუკინისტები არავის დაუბრუნებია. ,,ინტელექტუალური ელიტა” საქართველოში, როგორც ჩემი მეგობარი ანა ხარიბეგაშვილი იტყოდა ,,დაჩაგრული გენიოსების სინდრომით” არის შეპყრობილი და ამიტომაც, ბედი  ძირითადად არ წყალობთ.

მეოთხე პოსტზე  ძირძველი ,,აიტიშნიკები” ხურდებიან. ეს ერთერთი ყველაზე ადვილად ამოსაცნობი კატეგორიაა, როგორც სოციალურ ქსელებსა და ფორუმებზე, ასევე რეალურ ცხოვრებაშიც. ნიკაც ამ კლანის წარმომადგენელია. ინტერნეტ სივრცეში ცნობილი ზედმეტსახელით ,,MasterNick” დაიბადა და გაიზარდა თბილისში, საქართველოში, თუმცა საუბრობს რუსულ-ქართულ-ინგლისურად და ხასიათდება ყველა იმ თვისებით რაც ზოგადად ქართველ და მემგონი არა მარტო ქართველ ,,აიტიშნიკებს” ახასიათებთ, ,,ნუ ი ანგლისკიც ტოჟე ზნაეტ იუზერის დონეზე”. არ ვიცი რა საერთო აქვს მოდას კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან, მაგრამ რატომღაც, სტილისტების, დალაქების და დიზაინერების მსგავსად ამ სექტორშიც ჭარბობენ რუსულ ან სომხური წარმომავლობის პროლეტარები. იუმორიც იმდენად საკუთარი აქვთ, რომ ტერმინიც კი გაჩნდა თბილისში – ,,აიტიშნიკური იუმორი”. ამ სახის იუმორში ხშირია რუსული ,,მატი”, ადამიანისა და კომპუტერის საერთო მახასიათებლებზე აპელირება და აგრესია, რომლის უკანაც რეალური ცხოვრების და მისი სიამოვნებების დეფიციტი იშიფრება.

,,აიტიშნიკებზე” ვწერდი და ბებიაჩემი გამახსენდა, რომელიც ბავშვობაში კომპიუტერთან დიდხანს თამაშისას თავზე მადგებოდა და მეუბნებოდა: ,,გამორთე ბებია ეგ კომპიუტერი, არ გაგიგია? ათაყვანებს კომპიუტერი ადამიანს. ათაყვანებს და აბოროტებს, მაგრამ რას გაიგებდი, გაზეთებს შენ არ კითხულობ და…”.

უკვე საღამოს 9 საათია, თვალები დამეღალა, გამოვრთე კომპიუტერი, მეგობრებმა დარეკეს და გავედით დიდი საქმეების საკეთებლად.

ნინიც გავიდა ,,ფეისბუქიდან”, ლეპტოპი დახურა, კედები ამოიცვა,  ღია ფერის ჯინსებზე ნაქსოვი ჭრელი სვიტრი ჩაიცვა, მძივები აიცვა, ცისფერი ჯინსის ქურთუკი მოიცვა, ნაქსოვი თეთრი ქუდი დაიხურა, სარკეში ჩაიხედა, გაიღიმა, ღიმილი მოუხდა, Beatles-ის Please Mr. Postman წაიმღერა, სარკის წინ წაიცეკვა,  სახლის კარი ცეკვა-ცეკვით გამოხურა, გასაღებით გამოკეტა და სოლოლაკის ძველი სახლის ხის კიბეებზე სწრაფად ჩაირბინა…

საღამომ თბილისში დადებითი ემოციებით ჩაიარა, ღამეც ტკბილად მეძინა, ეს კი ძილში ჩაყოლილი მუსიკა:

Advertisements
გალერეა | This entry was posted in Facebook, Uncategorized. Bookmark the permalink.

15 Responses to Facebook თბილისში, ან პირიქით

  1. utvino ამბობს:

    კარგი პოსტია, მაგრამ მალე დასრულდა
    😛

  2. Molly Bloom ამბობს:

    გაგრძელება აშკარად მოუხდება, ისე კი ბრავო 🙂

    • Gega Gabunia ამბობს:

      გმადლობ )) თქვენი ბლოგი ვნახე ეხლა პირველად და ბევრ საინტერესო პოსტს გავეცანი! ასე რომ, გაცნობა სასიამოვნოა 🙂

  3. Molly Bloom ამბობს:

    მადლობა, ჩემთვისაც 🙂

    თქვენს ბლოგს ნება-ნება დავაგემოვნებ.

  4. marg0rita ამბობს:

    😀 ტიპიური რეალობა, ძალიან მომეწონა, სიამოვნებით დავაგემოვნებ მეც ამ ბლოგს 🙂

  5. maka ამბობს:

    :)) კარგია , მომეწონა ..

  6. Kate ამბობს:

    არაჩვეულებრივი პოსტია. ზუსტად ასახავს იმ რეალობას, რაც დღეს ხდება.

    და მაინც, მე მიყვარს ფბ. :დდდ

    კეთილი იყოს ამ ბლოგში ჩემი მაუსი და კლავიატურა :დდდ

  7. ten minutes older ამბობს:

    ძალიან კარგი პოსტია, მომეწონა )))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s