ორმაგი სტანდარტების მიმდევრები

აგინებენ ევროპულ ცივილიზაციას და როგორც კი საუბარი მათი შვილების მომავალზე ჩამოვარდება, ოცნებობენ, როგორმე მათი ევროპაში სასწავლებლად გამგზავრება შეძლონ. თან აყოლებენ ,,იქნებ დროზე დააღწიონ თავი ამ უპერსპექტივო ქვეყანას და იქ მაინც რამეს მიაღწიონ. მერე იქნებ იმდენი ქნან, რომ ჩვენც აქაურობას მოგვაშორონ და ტკბილ სიბერეს გვაღირსონ.“ ამ ტექსტებზე ორი მარტივი კითხვა მებადება: რატომ გახდა საქართველო უპერსპექტივო ქვეყანა? და რით დაიმსახურა ამ ხალხმა ტკბილი სიბერე?

ყველას ერთ ქვაბში არ ვხარშავ, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ მსგავსი ტექსტები საკმაოდ ხშირად გვესმის, თან საკმაოდ ახლობელი ადამიანებისგან. უმიზეზოდ არაფერი არ ხდება, ვფიქრობ შესაძლებელია ნებისმიერი აზრის თუ ქმედების განმარტება და გამართლება, თუ რა თქმა უნდა გავითვალისწინებთ გარემოებებს. მაგრამ მსგავს გარემოებებში საკმაოდ განსხვავებულ ქმედებებს ჩადიან ადამიანები. ხოლო ერთი და იგივე სიტუაციიდან სრულიად განსხვავებული დასკვნების გამოტანაა შესაძლებელი. სწორედ ეს განასხვავებს ადამიანებს ცხოველებისგან, რომ აქვთ გონება, რაც მსჯელობის უნარს აძლევს. შესაბამისად გადაწყვეტილებებიც უნდა მიიღონ არა ისეთი, რომ შემდეგ თავის გამართლება მარტივად შეძლონ, არამედ ისეთი, როგორიც მათ მომალში წაადგებათ.

ყველაზე ადვილი არსებულ გარემოებასთან შეგუება და მასზე მორგებაა, რაც არათუ დინების მიყოლას, არამად გუბეში წოლას უფრო გავს, რომელიც ბოლოს ჭაობად იქცევა.

და თუ ქვეყანა უპერსპექტივოა, ეს ჩვენ თავს უნდა დავაბრალოთ. ხოლო, თუ ჩვენშია უპერსპექტივობის მიზეზი, ტკბილი სიბერეც არაფრით დაგვიმსახურია. ამის აღიარება ყველაზე რთულია, ხოლო ყველაზე მარტივი დამნაშავის სხვაში ძებნაა. სწორედ ამაშია ჩვენი, ქართველების უბედურება.

ასევე ხშირად მოისმენდით, ქაფუჭდა ხალხიო, სად იყო ადრე ამდენი სიბოროტე, ღვარძლი, შური, გარყვნილებაო. ისეთი წინაპრები გვყავდა, ახლა ასეთი ადამიანები სადღა არიანო. თუ ეს ხალხი ახლო წარსულს გულისხმობს, საბჭოთა კავშირში რომ გარყვნილება იყო, ძნელად ახლა სადმე ნახო. მე კი არ მოვსწრებივარ, მაგრამ თავად იმ ხალხისგან მსმენია, ვინც ქართველის წესიერებაზე და კაცობაზე დებს თავს და მომავალ თაობას ლანძღავს. როგორი სიამაყით ყვებიან თავიანთ საბჭოურ ვოიაჟებს, ერთ ოთახში ქმარი, რომ არყით ილეშებოდა და მეორეში ცოლებს რომ ბრიწავდნენ. დავუშვათ, სლავები იყვნენ ბილწები და გარყვნილები. ქართველი კაცები არ იყვნენ მრუშები? თბილისში ცოლებს, რომ ტოვებდნენ და მოსკოვში საღორაოდ, რომ დადიოდნენ? არავისზე უკეთესად თავს არ მივიჩნევ, მაგრამ ამ კატეგორიისგან მიუღებელია იმის მოსმენა, რომ გაფუჭდა ახალი თაობა. თუ ადრე სლავებში დაძვრებოდით, დაგვეკეტა ბაზარი და ეხლა ერთმანეთს დავერიეთ, თქვენ ხომ ასეთი სიამაყით გვიყვებოდით თქვენ ისტორიებს. ჩვენც მოგვინდა ბოჰემა. თანაც ყველაზე ადვილი, ხომ ცუდის სწავლაა, თუ ეს თქვენ არ იცოდით? საბჭოთა ისტორიებიდან ძირითადად გესმის, როგორ იმხობდნენ ქართველები მოსკოვურ რესტორნებს, როდესაც გვერდზე სასადილოებში მოსკოველები ბორშს და ხმელ პურს ძიძგნიდნენ. როგორ აკეთებდნენ ფულს უსაქმურობით და ორი ბოთლი კონიაკით თბილისში ვაგონებს აგზავნიდნენ. ამით, რომ თავს აწონებ შვილს, მერე მისგან რა ნამუსით უნდა ითხოვდე შრომის სიყვარულს? გაუნათლებელი თაობა მოდისო ამბობენ. წამოვა აბა რა იქნება, თავად არ იხდიდნენ მათ უვიცობაში და პრესტიჟულ ფაკულტეტებზე მოხვედრაში ფულს? რატომ უნდა მოსდომებოდა განათლება და წიგნის კითხვა გართობისკენ მომართულ თინეიჯერს, როდესაც მათი მშობლები ფულით ყველაფერს ყიდულობდნენ და უმაღლესის დამთავრების შემდეგ, ნაცნობობით თუ ფულის გადახდით საჯარო პოსტებზე სვავდნენ. ძველმა თაობამ დანერგა ის რომ გამყიდვლობა და ოფიციანტობა სათაკილოა. სწორედ ამიტომ არის მომსახურების სფერო ყველაზე განუვითარებელი ჩვენს ქვეყანაში და როდესაც შეკვეთა იგვიანებს ან მაღაზიაში ყურადღებას არ გაქცევენ, ეს ყველაფერი წინაპრებს უნდა დააბრალოთ. სასაცილოა ხომ? ნამდვილად, მაგრამ რეალობაა.

კამათისას ხშირად გამოსავალს ვერ პოულობენ და წინა თაობების მაგალითად ილია ჭავჭავაძე მოჰყავთ. ილია ნამდვილად ჩვენი წინაპარია, თუმცა შვილი არ ჰყოლია, მაგრამ ისიც ხომ ჩვენი წინაპარია ვინც ილია მოკლა? ხოლო ილიას სიკვდილი იმ დროს ძალიან ბევრს გაუხარდა, რადგან ილიამ მაშინდელ საზოგადოებას სარკეში ჩაახედა და ის სიმახინჯეები დაანახა, რაც დღემდე თან მოგვსდევს. ხოლო ეს არადროს არავის არ მოსწონდა და არ მოსწონს.

უფრო ღრმადაც მიდიან და წინაპრების მაგალითად ასი ათასი მოწამე მოჰყავთ, ვინც თავი ეკლესიასა და ქვეყანას შესწირა და ღვთისმშობლის ხატს არ გადაუარა. დანარჩენები არ იყვნენ ჩვენი წინაპრები ვინც გადაუარეს? ვინც არ გადაუარა თავი მოჰკვეთეს, ხოლო ვინც ხატს დააბიჯა ისინი შეიწყალეს და ჩვენ სწორედ მათი შვილები ვართ.

ბოროტება და გარყვნილება ნებისმიერ საუკენუში იყო. ხოლო შური და ბოღმა ერად ჩამოყალიბებიდან მოგვყვება, რის გამოც ერთამენთს უფრო მეტს ვებრძოდით და ვხოცავდით ვიდრე ჩვენს საერთო მტრებს. გმირები ყოველთვის გვყავდა, თუმცა ანტი-გმირები კიდევ უფრო მეტნი, უბრალოდ ისტორია გმირებზე იწერებოდა და ჩვენც უფრო მეტად მათზე გვსმენია.

არაფრით არ ვაკნინებ ჩვენს ისტორიას და მართლაც ერთიბეწო ერის წვლილს მსოფლიო ცივილიზაციაში, უბრალოდ მინდა, რომ წარსულში კი არ ვიცხოვროთ და წარსულის მიღწევებით დავკმაყოფილდეთ, არამედ თავად გავხდეთ მაგალითები მომავალი თაობებისთვის.  თორემ ნათელი და ბნელი წერტილები ყველა ახალი თუ ძველი ერის ისტორიაშია.

ეს ყველაფერი იმიტომ მოვყევი, რომ კვლავ იმას დავუბრუნდეთ რითიც დავიწყე. ბავშვის მომავალზე მზრუნველობის განმსაზღვრელი მისი სწორად აღზრდაა და არა შვილების დასავლეთ ქვეყნებისთვის გადაბარება, რაც გარედან გამოსასწორებელ კოლონიებში გაგზავნის ცივილურ ფორმას უფრო ემსგავსება. სულ არ არის საჭირო, რომ აუცილებლად ევროპაში გადაეჩვიოს ადამიანი ქუჩაში ნაგვის დაყრას და საკუთარი დედის გინებას. არ არის აუცილებელი, რომ მაინც და მაინც ევროპაში ისწავლოს ქართველმა საკუთარ თავზე ზრუნვა, შრომის ფასი, ლოგინის ალაგება და ტანსაცმლის დაკეცვა. სასაცილოა, მაგრამ დაბრუნების შემდეგ ოჯახის წევრები, ძირითადად ამით გაოგნებულები იწონებენ თავს დანარჩენ სამყაროსთან. ეს ყველაფერი შეიძლება ოჯახშიც ისწავლოს ბავშვმა მშობლების მაგალითზე.

დამეთანხმებით, რომ ევროპელობა, რაც ხშირად ცივულურობასთან ასოცირდება, ყველაზე მეტად მაინც საზოგადოებაზე ზრუნვაა. ძაღლი, გასეირნებისას ქუჩაში რომ მოისაქმებს, იმიტომ კი არ უნდა მოწმინდო, რომ დაგაჯარიმებენ, არამედ იმიტომ, რომ სხვამ ფეხი არ ჩადგას. ქართველები კი ძირითადად არც იმიტომ და არც ამიტომ, არამედ საერთოდ არ ვწმენდთ, გვეთაკილება. ქვეყნის სიყვარული ოჯახში იწყება, შემდეგ ეზოში, ქუჩაში, სკოლაში, სამსახურში და სამეგობროში გრძელდება. მთავრობას კი ვლანძღავთ, მაგრამ ფანჯრიდან ნაგავი ვისროლოთ და ქუჩაში და სადარბაზოებში მოვისაქმოთ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ესეც მთავრობამ გვითხრა? კაცმა, რომ გვკითხოს კულტურული ერი ვართ და ევროპელები და ამერიკელები უკულტუროები. ნაგვის ქუჩაში ყრას, ურნების არ არსებობას ვაბრალებდით. დაგვიდგეს ურნები, მაგრამ ნაგავს მაინც გვერდზე ვუყრით, დამიზნება გვეზარება და საერთოდ ყველაფერი გვეზარება. ზარმაცი ხალხი და ლუარსაბ თათქარიძეები ვართ.

ძალიან პატარა ვიყავი, რომ ვფიქრობდი, კი მეუბნებიან რომ არ უნდა დავყარო ნაგავი, მაგრამ მე, რომ არ დავყარო, სხვა მაინც დაყრის და დიდად არაფერი არ შეიცვლება მეთქი. არადა, მინდოდა რომ ჩემი არ დაყრის შედეგი მენახა და იდეის სამეგობროში დანერგვას შევუდექი. პირველი ვინც შემომიერთდა ჩემი ბავშვობის ძმაკაცი გურიკა იყო. ნაგავი, რომელიც ჩვენ ხელში ხვდებოდა, ძირითადად იყო საღეჭი რეზინის და შოკოლადის გასახვევი ქაღალდები, კოკა კოლის ბოთლები, ცელოფნის პარკები და ა.შ. შეთანხმება იყო შემდეგი, თუ მე და გურიკას შორის რომელიმე დააგდებდა ნაგავს, მეორეს უფლება ჰქონდა პანჩური ამოერტყა შეთანხმების დამრღვევისთვის, ნებისმიერ ადგილას, ნაგვის დაგდების ფაქტი დაფიქსირდებოდა. სულ რამოდენიმე მწარე პანჩური გახდა საკმარისი, რომ უნებლიედაც კი აღარ დაგვეგდო ნაგავი. ჩვენ დეკლარაციას ხელმომწერებიც შემოურთდნენ, ვახო, შემდეგ ზვიად ბერაია, რომელთა მაგალითი მათ მეგობრებზე გავრცელდა და დღეს ჩემს სამეგობროში ვერ ნახავ ადამიანს, რომელიც ნაგავს ძირს დაყრის, სიგარეტის ნამწვის ჩათვლით. ასე, რომ იმ შედეგს, რომელსაც ბავშობაში მიზნად ვისახავდი ნაწილობრივ უკვე ვხედავ.

ეს ძალიან მცირე და პრიმიტიული მაგალითია, მაგრამ ამით იმის თქმა მინდა, რომ ადამიანმა არასდროს არ უნდა ჩათვალოს, რომ ის მარტოა და მისი სწორი საქციელი უკვალოდ ჩაივლის. ნებისმიერ ეპოქაში, სამყაროს ნებისმიერ კუთხეში ცვლილებებს ახდენდნენ ერთეულები და უმრავლესობაც ერთეულების მაგალითებზე იზრდებოდა.

ასე რომ, დავანებოთ თავი პრობლემების სხვებისთვის დაბრალებას, ევროპის გინებას და ამავე დროს მათ ვიზებზე და იქ გაქცევაზე ოცნებას. თუ აქ არ ვარგივართ სხვაგან მითუმეტეს ვერ ვივარგებთ და ჩვენ ქვეყანას კიდევ უფრო ნუ შევარცხვენთ. ხოლო თუ მოხუცების მოვლა კარგად გამოგვდის, ეს სიკეთე მაინც ვქნათ და ქართველ მოხუცებს მოვუარეთ და მათ ტკბილ სიბერეზე ვიზრუნოთ.

თავშივე ვთქვი და ბოლოშიც გავიმეორებ, რომ რაც დავწერე ყველას არ ეხება, ეხება უმრავლესობას, რომელშიც ხშირ შემთხვევაში საკუთარ თავსაც მოვიაზრებ.

Advertisements
გალერეა | This entry was posted in ღია წერილები, Uncategorized. Bookmark the permalink.

5 Responses to ორმაგი სტანდარტების მიმდევრები

  1. marg0rita ამბობს:

    რაღა დავმალო და მეც ასე ვთვლი, იმდენად ვებღაუჭებით წარსულს რომ აღარც კი გვახსოვს აწმყო, არა თუ მომავალი, ამას ძირითადად ზოგადი განათლების დაბალი დონე განაპირობებს, სასაცილოა როცა რიგითი ახალგაზრდა არსებობის გამამართლებლად მხოლოდ “ვეფხისტყაოსანს” ასახელებს, კიდევ უფრო სასაცილოა როცა არც აქვს წაკითხული და ზოგადი რეალობიდან იცის რომ “ვეფხისტყაოსანი” ჩვენი სიამაყეა, რაც შეეხება დანაგვიანებას, საქმე იმაშია რომ ჩვენი საზოგადოების უმეტესობამ კვლავ არ იცის საერთო საკუთრება რას ნიშნავს, თორემ რატომ დააზიანებს, დაამტვრევს და გაანადგურებს თუნდაც ავტობუსის სკამებს, ესაა უბედურება და ტრაგედია, ნამდვილად მიხარია და საკუთარი თავით ძალიან კმაყოფილი ვარ როცა სახლსჰი მივდივარ და გარეთ დაგროვებულ ავტობუსის ქვითრებს, ცელოფნის პარკებს ან თუნდაც იგივე საღეჭ რეზინს ვიღებ ჩანთიდან ან ჯიბიდან და ვაგდებ ნაგვის ურნაში, კიდევ უფრო მეტად მიხარია როცა ვიცი რომ ჩემი მეგობრებიც იგივეს აკეთებენ, კიდევ უფრო მეტად მიხარია როცა ვფიქრობ რომ გვეშველება 🙂

  2. ლიბიკა სილვესტრის ამბობს:

    “ყველაზე ადვილი არსებულ გარემოებასთან შეგუება და მასზე მორგებაა, რაც არათუ დინების მიყოლას, არამად გუბეში წოლას უფრო გავს, რომელიც ბოლოს ჭაობად იქცევა.”

    ვეთანხმები ამ აზრს!!!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s