ვენაში

ვენამდე იყო მიღება. თბილისი, რომელიღაც სექტემბერი, ექვსის ნახევარი, ახლად ჩამოსულ პრესის ატაშეს ვაცნობთ ყველას, ყველას ვინც მას უნდა იცნობდეს.

გახდა 7 საათიც და მოადგა უზადოდ შერჩეულ სტუმართა ტალღა გალავანს. მიღება რეზიდენციაში ორ ფრონტად გაიყო, მისაღებსა და ეზოში, აუზის გარშემო. გამომდინარე იქიდან, რომ მოწვეულთა დიდ ნაწილს პირადად არ ვიცნობდი, ურთიერთობითაც ჩემი კოლეგებით შემოვიფარგლებოდი, რომლებიც შიგადაშიგ თავად მაცნობდნენ სტუმრებს. ერთერთი ასეთი სტუმარი იყო ახალგაზრდა ჟურნალისტი ქეთი. მშვენივრად გამოყურებოდა, საინტერესოდ საუბრობდა. ერთმანეთი კარგადაც გავიცანით, თუმცა იმ მომენტში მივიღე როგორც ერთერთი სტუმარი და განსაკუთრებული ყურადრებაც არ დამითმია.

ლოგინში დაწოლისას ტრადიციულად მოვიმარჯვე ლეპტოპი, ჩავრთე მუსიკა, შევედი ,,ფეისბუქზე” და რატომღაც გადავწყვიტე ქეთი ფეისბუქზე მენახა. მოვნახე კიდეც, უსმენდა ჯაზს, ხოლო საკუთარი ფოტოების მაგივრად ჰქონდა მხატვართა ორი ალბომი: ბალთუსი და მუნქი.

მეორე დღეს დავმეგობრდით (,,ფეისბუქის” გაგებით), გავცლვალეთ მუსიკალური ჰანგები, მომიწონა, მოვუწონე და ამით შემოვიფარგლეთ. მას შემდეგ რაც მაისში დავშორდი ყოფილ შეყვარებულ მარიშკას, რომელთან ერთადაც ხუთ წელიწადნახევარი გავატარე, გაცნობის სურვილი არავის მიმართ გამჩენია. ხოლო აქ პირველად დადგა მომენტი რომ მომინდა ქეთის უფრო ახლოს გაცნობა. ,,ფეისბუქზე” ლინკების დადებით და მოწონებებითაც არ მინდოდა გადამეღალა. საჭირო იყო რამე ახალი, “next step”. თუმცა ამაზე მოგვიანებით.

ჯერ კიდევ აგვისტოში გადაწყდა რომ 3 ოქტომბერს მელოდა ვენა. მოგზაურობის მოყვარულმა კაცმა რა უნდა ინატრო მეტი სამსახურისგან, თუ არა გრანტების მართვის ტრენინგი ვენაში. დადგა ნანატრი 3 ოქტომბერიც.

ვენის აეროპორტი, კლიმტის რეპროდუქციები, გაკრული აფიშები მოახლებულ კონცერტებსა და გამოფენებზე. პიკასო და მიქელანჯელო ალბერტინაში, მოცარტი, ვენის ოპერა და უკვე აეროპორტშივე აღქმა იმის, რომ თბილისიდან ჩახვედი ევროპულ დედაქალქში, რომელიც არ გავს არცერთ სხვა ქალაქს, აეროპორტითაც კი.

პირველი ადამიანი ვინც ვენაში გავიცანი თურქი ტაქსისტი იყო. ოსმანი ფეხბურთის თავგადაკრული გულშემატკივარი და ღვინის კოლექციონერი აღმოჩნდა, შესაბამისად სასტუმრომბდე მიმავალ გზაზე სასაუბრო თემაც არ გამოგვლევია. საქართველოსაც ძირითადად ფეხბურთით იცნობდა, ქართულ ღვინოებზე ყურმოკვრით გაეგო და მთხოვა ფურცელზე საუკეთესო წითელი და თეთრი ღვინის სახეობები ჩამომეწერა.

8 წლის წინ სტამბულიდან ვენაში გადმოსახლებული ოსმანი საკმაოდ გამეხსნა და მეც თურქის თვალით დანახული ვენით დავინტერესდი. ხალხზე ვკითხე, რაზეც მომიბრუნდა, ცხვირთან თითი მიიტანა, ნესტოებს შორის მიაწვა და მითხრა: “They are all with their noses up, but in general they are fine”-ო და გამომხედა იმ იმედიანი გამომტყველებით, რომ მე მას, როგორც სამხრეთელი კაცი კარგად გავუგებდი. შემდეგ ქალაქის ცენტრს მივუახლოვდით, მითხრა აქ ყველაფერი მნიშვნელოვანია და ყველაფერს საკუთარი ისტორია აქვსო, ვთხოვე ნელა ეარა და ორივე გავჩუმდით.

40 ევრო ოსმანს, დამშვიდობება გულითადი, სატსტუმრო ,,The Theater”, პარლამანეტის შენობის უკან, ყოფილი თეატრი, ხოლო ნომრები საგრიმიოროების ნაცვლად. მოლოდინი იმდენად მაღალი იყო და ტაქსიდან ნანახი იმდნად შტამბეჭდავი, რომ ძალიან გამიკვირდა 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს ნომერში, რომ დამხვდა 4 ცარიელი ღვინის ბოთლი და აივანზე სიგარეტის ნამწვები. თუმცა ეს ყველაფერი გულის სიღრმეში ალბათ მესიამოვნა კიდეც, რომ არც ისე ასტრონომიულად შორს არის ვენა ჩვენგან. მაშინვე დავრეკე reception-ში, მოვახსენე მომხდარის და ნანახის შესახებ და სათნო ხმით მოსაუბრე ახალგაზრდა ავსტრიელს ასევე სათნო ხმით ვთხოვე ნება დაერთო აივანზე მოწევის, რაზეც სიცბიერე და ღიმილ ნარევი ხმით დამთანხმდა.

პირველი დღე სრული თავისუფლება, ნომერში გატარებული მაქსიმუმ 40 წუთი, მცირე რუკზაკი და გავუდექი გზას. უკვე პირადად გამოცდილი იმ გარემოებაში, რომ უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა დიდი ნაწილი არცხვენს საკუთარ ქვეყანას გადავწყვიტე ჩემი წვლილი შემეტანა ამ სტერეოტიპის ნგრევაში. წარმოიდგინეთ თბილისიდან სპეციალურად მოვლენილი სპაიდერმენი ვენის ქუჩებში. რა მოთვლის რამდენი სიკეთე დავთესე პირველივე დღეს, ქარწაღებული ბურთის ბავშვისთვის დაბრუნება, რომელსაც მთელი ოჯახი დასდევდა, ქალაქგარეთ ვიკენდისთვის გამზადებული ტვირთის მანქანაში ჩაზიდვაში ორი მშვენიერი გოგოს დახმარება, რომელთა გაცნობისას მხოლოდ იმას ვამბობდი, რომ ვიყავი საქართველოდან და ვაგრძელებდი გზას, თითქოს არაფერი, თითქოს ქართველები საერთოდ ესეთები ვართ და ყველგან ასე ვიქცევით. ამით ყველაზე მეტად მე ვერთობოდი და ვაკვირდებოდი ავსტრიელთა განცვიფრებულ სახეებს. ვფიქრობ თუ გინდა გაიგო ქალაქი, უნდა რაც შეიძლება მეტი იარო ფეხით მის ქუჩებში. დაივიწყეთ მუზეუმი, პური და სანახაობა. თერთმეტი საათიდან ხუთის ნახევრამდე მხოლოდ ერთხელ გავჩერდი ისიც ერთერთ გარე კაფეში სულის მოსათქმელად.

ხუთი საათისკენ, როდესაც ვიგრძენი, რომ ფეხები დამეჭიმა, სწორედ მაშინ ჩავუარე ინგლისურ ენოვან კინოს. ფილმი The American 5 საათზე, მცირე დარბაზი, სულ შვიდი რიგი, დარჩენილი იყო ერთადერთი ბილეთი ბოლო რიგში. მარცხნივ მგრძნებარე წყვილი, ხოლო მარჯვნივ თეთრი პუტკუნა ავსტრიელი გოგო, რომელმაც გაათავა თუ არა პოპკორნის დიდი ყუთი, ამოვისუნთქე, მაგრამ შვება არ გამიხანგრძლივა და მაშინვე მეორე ყუთი მოაცუნცულა. ფილმმა მრავალმხრივი შეგრძნებებით ჩაიარა, რასაც მთავარი გმირი ჯორჯ კლუნის ტრაგიკულმა სიკვდილმა დაუსვა წერტილი.

ქალაქი, მართლაც ყველაზე შტამბეჭდავია რაც აქამდე მინახავს. ცუდ, უბრალო შენობას თითქმის ვერ ნახავ. ასევე ძალიან რომანტიული ქალაქია და ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა ის მაღალი კლასი, რასაც ასე უხვად ვერსად სხვაგან ვერ შეხვდებით. წარმოდგინეთ შლაპიანი გამოწკეპილი ტიპები პირვანდელ ველოსიპედებზე, წინ რომ ძალიან დიდი თვალი აქვს და უკან პატარა. საღამოს გამოპრანჭული ხანში შესული ქალები, შვილებთან ერთად რომ მიდიან მიღებებზე. ვერც ასე გემოვნებით ჩაცმულ ქალებს ნახავთ ვერცერთ სხვა ევროპულ ქალაქში. ფართე ტროტუარებით, მოფენილი გარე კაფეებით და ყოველ ნაბიჯზე შეყვარებული წყვილები. ყველგან ჩაგესმის მოცარტი, შტრაუსი, ბეთჰოვენი… წარმოიდგინეთ, რომ აღმოჩნდით ზღაპარში და ათვითცნობიერებთ, რომ ეს ზღაპარი სრუალიად რეალურია.

ღამის 12 საათი იყო სასტუმროში რომ დავბრუნდი. ნომერში შესულს ქეთი გამახსენდა. არ მინდოდა ჩემი სიმპათია გამეხადა ზედმეტად აშკარა, თუმცა, ვენის ქუჩებ მოვლილმა, თვითკმაყოფილმა და გათამამებულმა გადავწყვიტე მიმეწერა:

,,როგორ ხარ? შენი მუსიკალური გემოვნებით მოვიხიბლე. რაც შეეხება მხატვრობას, დამაინტერესა რატომ ბალთუსი და მუნქი? საინტერესოა შენ როგორ აღიქვავ ბალთუსს? რადგან სხვადასხვაგვარი აზრი არსებობს მის მხატვრობაზე.”

წერილი დავწერე, დავლიე ავსტრიული წითელი ღვინო და ტკბილადაც დამეძინა.

დღე 2

მეორე დღიდან დამეწყო ტრენინგი, აქაც ცხოვრებაში პირველად არ დავიგვიანე და ავსტრიული სიზუსტით შევედი დარბაზში. ორმოცამდე სხვადასხვა ქვეყნის მონაწილე ათ ჯგუფად იყო დაყოფილი. ერთ მაგიდასთან მოვხვდით შვედი რიჩარდი, ლიტველი რიტა, ირლანდიელი როზელინა და მე. იმ დღიდან ჩვენ ოთხნი დავდიოდით ყველგან ერთად. ვენურ პურსაც ერთად ვტეხდით და ყოველ საღამოს კალიფორნიულ კაბერნე სოვინიონსაც ერთმანეთს ვუჭახუნებდით. დღის ბოლოს ნომერში შესული ფეისბუქს ვამოწმებდი ქეთის წერილის სანახავად.

ქეთი –,,გამარჯობა, კარგად, თავად? დიდი მადლობა, რაც შეეხება მხატვრობას, ორივე ძაან მომწონს, მუნქი ჩემთვის არ არის დეპრესიული, მიყარს ექსპრესიონიზმი, ბალთუსს რაც შეეხება, ამაზე ჩემი მოსაზრებები მაქვს :-)”

ამის პასუხად, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფს სიტყვა გამიგრძელდა და ცოტა ვიფილოსოფოსე –

,,გმადლობ, მეც კარგად 🙂 პირველად ვარ ვენაში და მთელი დღეები ფეხით დავბოდიალობ.

რაც შეეხება მხატვრობას, სწორედ შენი მოსაზრებები მაინტერესებდა ბალთუსთან დაკავშირებით, რადგან მეც ჩემი აზრი მაქვს:) მართლა ,,ზეციდან მოვლენილი ანგელოზების მიერ თავისიფულების გამოხატვას” ასახავს და ხალხს საკუთარ გარყვნილ აზროვნებაზე მიუთითებს, თუ უბრალოდ ბინძურად ცდილობს საზოგადოების პროვოცირებას და პოპულარობისთვის იწვევს კრიტიკას? პირადად მე პირველ აზრს ვემხრობი, თუმცა ,,ციდან მოვლენილი ანგელოზები” აშკარად გადაჭარბებულია.

რაც შეეხება მუნქს, ვფიქრობ აქ უფრო ბავშვობის ტრამვასთან და მამის მიმართ პროტესტის გამოხატვასტან გვაქვს საქმე, რაც მის ნახატებში აშკარად იგრძნობა.

მოკლედ ძალიან ვიფილოსოფოსე, წერილი გადავიკითხე და საკუთარ თავზე მეცინება)))) მაგრამ შენი აზრი მართლა მაინტერესებს:)”. მივწერე და დავიძინე.

დღე 3

ტრენინგის პერიპეტიებით თავს არ მოგაწყენთ და დღეს, დღის მოერე ნახევრით დავიწყებ. ჩვენი ოთხეული საკმაოდ საინტერესოდ იყო წარმოდგენილი.

ლიტველი რიტა – დაბადებული და გაზრდილი ლიტვაში, 10 წელია რაც გაყვა შვედ კაცს და სტოქჰოლმში გადასახლდა. თვლის, რომ ცხოვრებაში ძალიან გაუმართლა, რადგან აქვს სტაბილური სამსახური და აწყობილი ოჯახი. თუმცა რამოდენიმე ჭიქა კაბერნეს შემდეგ გამოგვიტყდა, რომ ის და მისი მეუღლე ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან.

ირლანდიელი როზელინა – სასიამოვნო ბრიტანული გარეგნობის, მუდმივად მომღიმარი, მოვლილი ორმოცდაათამდე ქვეყანა, საინტერესოდ მოსაუბრე და სამი შვილის დედა.

რიჩარდ ლა როში – მამა ამერიკელი, დედა შვედი, გვარი ფრანგული, ბრაზილიელი შეყვარებული, რომელიც მადრიდში სწავლისას გაიცნო. მცხოვრები სტოქჰოლმში, იმ ქუჩაზე სადაც ყოველწლიურად იმართება ნობელის პრემიით დაჯილდოვება.

ოთხივე საკმაოდ კარგად დავმეგობრდით და ყოველ საღამოს დავხეტიალობდით ვენის ქუჩებში. რაც შეეხება წერილებს, არც ამ დღეს ჩაუვლია მის გარეშე:

ქეთი – ,,ვენაში არ ვარ ნამყოფი. სანახავი ბევრი იქნება ნამდვილად 🙂 ბალთუსს რაც შეეხება, არ ვფიქრობ, რომ საზოგადოების პროვოცირების იაფფასიან ხერხებს იყენებდა ან პოპულარობისთვის იღწვოდა. მისი ნამუშევრები ისეთია, როგორც ადამიანების ცხოვრება. არ არის ამაში რაღაც აღმატებული ან გადაჭარბებული. შეიძლება ვერ გაიგო ჩემი აზრი და ნუ დამძრახავ 🙂 მუნქზე გეთანხმები, თუმცა მე, როგორც არატრაგიკულ პიროვნებას 🙂 ძალიან მომწონს მისი პროტესტი :-).”

ამჩატებულ ხასიათზე, გადავწყვიტე შევშვებოდი მხატვრობას, რომელშიც სინამდვილეში არც თუ ისე კარგად ვერკვევი და თემა შევცვალე. გადავწყვიტე გავმხდარიყავი უფრო პირდაპირი:

,,ნამდვილად არ დაგძრახავ, პირიქით მიყვარს ლაღი დამოკიდებულება:) ტრენინგის პირველი დღეც როგორც იქნა ჩავამთავრე და ყველაზე სასიამოვნო პროცესი დამეწყო – თავისუფალი დროის მაქსიმალურად თავისუფლად გამოყენება:))

სიამოვნებით დავწერდი რამეს ვენაზე და ვენურ ცხოვრებაზე, რაც ჯერჯერობით ძალიან მომწონს. წერილების შესამოწმებლად ტრენინგიდან სასტუმროში შემოვირბინე, შენი წერილი ვნახე და გადავწყვიტე მომეწერა.

უკაცრავად, შეიძლება ცოტა უცნაურად გეჩვენება ჩემგენ ასეთი აქტიური კონტაქტი, რადგან თითქმის არ ვიცნობთ ერთმანეთს. უბრალოდ ამ ეტაპზე ეს გზა მომეჩვენა ყველაზე რეალურად შენს გასაცნობად. თუ ფიქრობ, რომ შესაძებელია ვირტუალური გაცნობა შეიძლება რეალური შეხვედრით ჩავანაცვლოთ და უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი? უბრალოდ მიყვარს საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა :)”.

დღე 4

მეოთხე დღეს დავიპყარით ვენის საუკეთესო რესტორნები, ტრენინგის შემდეგ გოგოები საშოპინგოდ გაემართნენ და საღამოს შეხვედრის დროც დავთქვით. კულინარიაში ავსტრია ცნობილია განთქმული ვენური შნიცელით და საუკეთესო დესერტებით, განსაკუთრებით აპფელტრუდელითა და ზახერით. საღამომდე მე და რიჩარდმა დრო არ დავკარგეთ და დავესხით თავს კაფე ,,ლანდტმანს”, სადაც საუკეთესო შტრუდელები ცხვება. კაფე გამოიყურებოდა დაახლოებით ისე, როგორც ჩვენი ოპერის ფოიე, უბრალოდ ინტერიერი იყო, ოდნავ უფრო პომპეზური გამოწკეპილი შლაპიანი ტიპებითა და გაზეთებით. მე და რიჩარდმა შესვლისას ერთმანეთს გადავხედეთ და უსიტყვოდ, ტელეპატიურად ვუთხარით ერთმანეთს ,,არა უშავს, ჩვენ ტურისტები ვართ”.

ვენის ,,სისვეცკით” ოდნავ დაღლილმა სასტუმროში შევიარე ქეთის წერილის სანახავად:

,,გმადლობ. ადამიანებთან კონტაქტი ჩემი მოწოდებაა. დღის განმავლობაში უამრავ ადამიანთან მიწევს შეხვედრა, ყველაფრით განსხვავებულებთან ერთმანეთისგან. წერას რაც შეეხება, აუცილებლად დაწერე, საინტერესო გამოვა :-).”

მეც ვუპასუხე –

,,როგორც ეგზუპერი იტყოდა ,,ყველაზე დიდი ფუფუნება ადამიანებთან ურთიერთობაა”-ო)) ტრენინგის მეორე დღეც მოვილიე და გავდივარ ვენის აუთვისბელი ნაწილის დასალაშქრად! )))

წერას რაც შეეხება, ზაფხულში ჩანახატების წერა დავიწყე და ამასწინათ ფეისბუქზეც შემოვდე, ჩემს ნოუთებში შეგიძლია ნახო თუ დაგაინტერესებს)) ასე რომ ვენაზეც რამეს დაბღაჭნიდა კაცი))) ძალიან მაგარი ქალაქია, რაც აქამდე მინახავს ყველაზე ლამაზია (პარიზში არ ვარ ნამყოფი).

9 ოქტომბრამდე აქ ვარ, მაგრამ ჩემი ნება რომ იყოს კიდევ ერთი თვე დავრჩებოდი. რა აზრის ხარ კვირას რომ შევხვდეთ (10 ოქტომბერს), ნებისმიერ დროს როცა გაწყობს? :)”

მივწერე, რიჩარდს ფოიეში შევხვდი და დავუბრუნდით ვენის დიდებას.

საღამოს რიტა და როზელინაც შემოგვიერთდნენ, ბევრი ვიარეთ თუ ცოტა მივადექით საუკეთესო შნიცელით სახელგანთქმულ რესტორან ფიგლმულერს. დაახლობით ნახევარი საათი ვიდექით რიგში. რიგი რესტორნის შესასვლელიდან 20 მეტრი გრძელდობოდა ქუჩაში. როგორც იქნა მოაღწია ჩვენმა რიგმაც და დაიწყო დაუვიწყარი. წარმოიდგინეთ ყველაზე დიდი თეფში, რაც როდესმე გინახავთ და წარმოიდგინეთ ოქროსფერი დაბრაწული შნიცელი რომელიც ამ თეფშის გვერდებედან გადმოდის.

გემრიელ ვახშამთან ღვინის დოზებიც გავზარდეთ და ჩვენი ირლანდიელი მეგობარიც დაგვითვრა, რაც ძირითადად სიცილით გამოიხატებოდა. როზელინი სასტუმრომდე ყველამ ერთად მივაცილეთ და დავიშალეთ.

სასტუმროში მისულს ქეთის პასუხიც დამხვდა:

,,დიდი მადლობა იმ კომპლიმენტებისთვის რაც შენგან მივიღე. გეგა ჩემო კარგო, მე 16 წლიდან მიყვარს ერთი ადამიანი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი, როგორც ადამიანის ჩამოყალიბებაში. მე იმ დევიზის მომხრე ვარ, ერთი სულ და ბოლომდე 🙂 ძალიან გამეხარდა შენი გაცნობა, საინტერესო ადამიანი ხარ:-) ეს შემიძლია გითხრა შეხვედრასთან დაკავშირებით. ჩანახატებს აუცილებლად წავიკითხავ.”

ქეთისთვის იმ დღეს აღარ მიმიწერია და ორი ქილა ავსტრიული ლუდის შემდეგ, ჩართული ტელევიზორის წინ ტახტზე ჩამეძინა.

დღე 5

დილას ძალიან ადრე გამეღვიძა, 6 საათი იქნებოდა, ვიწრიალე, რატომღაც ვარჯიში გადავწყიტე, თავი ხელში ავიყვანე და ტრენინგზე წასვლის წინ ქეთის მივეწერე:

,,ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იყო შენი გაცნობა! შენი დევიზიც მომწონს და გისურვებ ბედნიერებას! 🙂 Alles Klar! )) და უკაცრავად ჩემი სიმპათიის, როგორც სასიამოვნო ადამიანის მიმართ ასე აშკარად გამოხატვისთვის. კარგ დღეს გისურვებ!”.

8 ოქტომბერი, ტრენინგის ბოლო დღე, საღამოს ყველა მონაწილემ გადაწყვიტა ერთად აღგვენიშნა ტრენინგის დასრლება რესტორან ,,აინშტაინში”. დასტური არ მიმიცია და არც მიზეზი მითქვამს, მაგრამ როგორ მეთქვა, რომ ჩემი არ მისვლის მიზეზი იყო საღამოს 7 საათზე დანიშნული მატჩი ფეხბურთში საქართველო – მალტა, რომლისთვისაც უეფას ვებგვერდზე ონლაინ რეჟიმში უნდა მეყურებინა. მხოლოდ ჩემს სამ ახლად შეძენილ მეგობარს გავუმხილე რეალური მიზეზი, რომლებთან ერთადაც მივირთვი ნამცხვარი ზახერი, სასტუმრო-რესტორან ,,ზახერში”, სადაც ეს ნამცხვარი დაიბადა. გულითადად დავემშვიდობეთ ერთმანეთს და გავუდექი გზას.

ძირითადი ნაწილი ვენას 8-ში ტოვებდა. მე კი მხოლოდ 9-ში ღამე მოვფრინავდი. ფეხბურთამდე დარჩენილი დრო გადავწყვიტე კულტურისთვის დამეთმო და გავემართე ალბერტინაში. მიუხედავად იმისა, რომ ცოცხლად ვხედავდი პიკასოსა და მიქელანჯელოს ორიგინალებს, თავში, სულ ჩემი და ქეთის მიმოწერა მიტრიალებდა. ნერვები მეშლებოდა საკუთარ თავზე და ვერ ვხსნიდი, რატომ გადავწყვიტე მეჭერმეტყველა წერისას, როდესაც ცხოვრებაში ასე არ ვსაუბრობ. ვნანობდი, რომ საერთოდ მივწერე და გამოვხატე სიმპათია, თავს პატარა ბავშვივით შერცხვენილად ვგრძნობდი.

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე თავიდან ამომეგდო ქეთი, ბალთუსი და მუნქი და მეფიქრა საღამოს გასამართ ფეხბურთის მატჩზე. რა შემადგენლობას დააყენებდა ქეცბაია და როგორ შევრცხვებოდი რიჩარდთან ჩემი ნაქები ქართული ფეხბურთით, თუ საქართველო მალტას ვერ მოუგებდა. სხვათაშორის, უცხოეთში საქართველოს ფეხბურთით ყველაზე მეტად იცნობენ. რიჩარდმა ჩამომითვალა ყველა ცნობილი ქართველი მობურთალი ვინც კი როდესმე გაეგო და მათ გვარებს სააკაშვილიც დააყოლა, რომელიც ასევე ფეხბურთელი ეგონა.

საღამოსთვის მოვიმზადე ლუდი, ჰოთდოგი, მარილიანი სასუვნავები და გავუდექი სასტუმროსკენ მიმავალ ქუჩას. მაინდამაინც მაშინ შემხვდა ტრენინგის ყველა მონაწილე, თამაშზე მაგვიანდება და მაშინ აუტყდა ყველას, რატომ არ მოდიხარ, რატომ არ მოდიხარო. მეც მეჩქარებოდა და პირდაპირ მივახალე – საქართველოს ნაკრები თამაშობს ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს და რომ იცოდეთ ეს ჩემთვის რას ნიშნავს აუცილებლად გამიგებდით მეთქი. ეს სიტყვები ჩვენი ტრენინგის ამერიკელ ფასილიტატორს მოესმა, ამაყი სახით მიუტრიალდა ყველას და უთხრა: ვერ წარმოიდგენთ, როგორ კარგად მესმის გეგასიო, მე წარმოშობით სერბი ვარ და როდესაც სერბეთი თამაშობს, რომ მომკლა სხვას ვერაფერს ვერ გავაკეთებ თუ არ ვუყურეო. გულში დავლოცე ჩემი სერბი-ამერიკელი თანამოაზრე, რომელსაც სახელად ჯორჯია ერქვა, ყველას სწრაფად დავემშვიდობე, კარგი დროის გატარება ვუსურვე და ნომრისკენ გავემართე.

ის თამაში სირაძის ბოლო წუთზე გატანილი გოლით დასრულდა. ქეთიზეც ვცდილობდი ნაკლებად მეფიქრა და ნაკრების გამარჯვებით დავკმაყოფილებულიყავი. უგემრიელესი ავსტრიული ლუდი ,,გიოსერითაც” საკმაოდ შევზარხოშდი, თავს პირობა მივეცი, რომ შემდეგ დღეს მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენებდი, ჩავფიქრდი და ტკბილად დავიძინე.

დღე 6

მეექვსე დღეს გავიღვიძე იმ აზრით, რომ ხუთ საათამდე სრულიად დამოუკიდებლად შემეძლო მებოდიალა ქალაქში, რომელიც უკვე მიყვარდა. მოვიკიდე ზურგჩანთა, და ის იყო reception-ს მივადექი საღამომდე ბარგის შესანახად, რომ ჩამესმა აზიური აქცენტით სუსტი “hello, how are you?”. მოვიხედე და დგას, ტრენინგის ისტ ტიმორელი (ქვეყნის ოფიციალური სახელი ტიმორ-ლესტე) მონაწილე, რომელიც ვენაში თურმე კიდევ ერთი კვირით რჩებოდა, ინტერნეტით გაცნობილ მეგობარს მეორე დღეს უნდა შეხვედროდა და ვენიდან ევროპის ახლო ქალაქებში უნდა ემოგზაურათ. მოუნახავს იაფი სასტუმრო, სადაც მხოლოდ საღამოს 6 საათის შემდეგ ხდება რეგისტრაცია. საღამომდე აქ ჯდომა არ მინდა და იქნებ გამოგყვეო. რაღა დაგიმალოთ და ბოლო ტკბილი დღის გატარება ვენაში მარტოს მინდოდა და მაქსიმალურად შევეცადე ალფრედო დელიკატურად თავიდან ამერიდებინა. ვუთხარი, რომ მაღაზიებში ვაპირებდი სიარულს კეტების საყიდლად, რაც მისთვის ნაკლებად საინტერესო იქნებოდა. მე არაფრის ყიდვა არ მინდა, მაგრამ არც მარტოს მინდა ლოდინიო. ამის შემდეგ  შევთავაზე მუზეუმებში წასვლა და დეტალურად ჩამოვუთვალე თუ სად რისი ნახვა შეიძლებოდა. არც ამან გასჭრა, გვერდში ამომიდგა და ღიმილით მანიშნა, გამიძეხი მოგყვებიო.

სხვა რა გზა მქონდა, წავედი და წამომყვა. გავემართეთ ქალაქის მთავარ სავაჭრო ქუჩა მარია ჰილფერ შტრასესკენ. ალფრედო ყოველ კუთხე-კუნჭულში მთხოვდა ფოტოს გადაღებას და მაშინ მივხვდი რატომ უნდოდა ასე ძლიერ ჩემი კომპანია. ასეთი მუდმივად მომღიმარი ადამიანი იშვიათად თუ მენახა. არადა, არც მიკვირდა რადგან წარმოადგენდა ქვეყანას სადაც 2006 წლის გამოკითხვით ერთ მილიონიანი მოსახლეობის 90% წერა-კითხვის უცოდინარი იყო და ქვეყანაში დღემდე იხოცება ხალხი შიმშილით. ალფრედოს კი რა უჭირდა, სამსახური მშვენიერი, ვენაში მეგობარი და ტიმორში შეყვარებული, რომელსაც მალე ცოლად მოიყვანდა. თავად აინტერსებდა თუ სად იყო საქართველო, რომ ვუთხარი კავკასიაში მეთქი, სად არის კავკასიაო, შავი ზღვა ვუხსენე, გაკვირვებული სახით გამიღიმა და გაჩუმდა. ცოცხალი თავით არ ვუთხარი რომ კავკასია რუსეთის სამხრეთ-დასავლეთით იყო, რადგან ვგრძნობდი, რომ რუსეთი გაგონილი ექნებოდა და ნერვების ზედმეტად მოშლა აღარ მინდოდა.

ვგრძნობდი რომ რაღაც კარგი უნდა მომხდარიყო და მოხდა კიდეც. პირველივე მაღაზიაში შევედით, რომელიც გამოჩნდა. ალფრედომ კი მითხრა არაფრის ყიდვა არ მინდაო, საყიდლებზე ინდონეზიაში გადავდივართ და იქ ყველაფერი იაფიაო. თუმცა უზარმაზარი ტანსაცმლის მაღაზიის ცდუნებას ვერ გაუძლო და ჯემპრის ყიდვა გადაწყვიტა. მე ცოტათი ჩამოვშორდი, გასახდელში შევედი, ორი წუთის შემდეგ გამოვიხედე, ალფრედო არსად ჩანდა და სასწრაფოდ დავტოვე ტერიტორია. სინდისმა ცოტა კი შემაწუხა, მაგრამ თავისუფლად ხეტიალის სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ სინდისის ქენჯნა სრულიად გამიქარწყლდა.

მარია ჰილფერ შტრასე სასეირნოდაც მშვენიერი ქუჩაა. გავიარ-გამოვიარე და ერთერთ მაღაზიასთან გავჩერდი. ამ დროს ვიღაც მიკაკუნებს ბეჭზე. მოვიხედე და ალფრედო! პარკებს მაჩეჩებს, ნახე რამდენი რამე ვიყიდე H&M-ში, ეს რა კარგი მაღაზია ყოფილაო. ვუთხარი, მე რომ გამოვედი გასახდელიდან ვერ გნახე და მეგონა სხვა მაღაზიაში იყავი გადასული მეთქი. პირდაპირ კიდევ ერთი H&M-ის მაღაზია იყო, მხოლოდ ბავშვების და ქალების. ვუთხარი აი კიდევ H&M, აქაც ნახე, იქნებ კიდევ რამე მოგეწონოს, მეც გავივლი და კიდევ სადმე შევხვდებით მეთქი. მომღიმარი ალფრედო შურდულივით გაემართა მაღაზიისკენ და მეც ამოვისუნთქე.

ოჯახის წევრებისთვის სუვენირების ყიდვაც მოვასწარი და გავემართე სტარბაქსის კაფესკენ, რომელიც ქუჩის შუაწელში მეგულებოდა. გარეთ დასასხდომი ყველა მაგიდა დაკავებული იყო და მეც ბარის სკამზე შემოვჯექი, რომელიც ქუჩას და მცირე მოედანს გადაჰყურებდა. მივირთმევ “სვეცკად” შტრუდელებს, ვაყოლებ ყავას და ვფიქრობ, რატომ უჭირთ გაძლება სტარბაქსის გარეშე ევროპამოვლილ ქართველ გოგოებს. პასუხს ვეძებდი ყავაში და შემომესმა გვერდიდან დახვეწილი რუსულით სასიამოვნო გოგოს ხმა, რომელიც ვიღაცას კაფის მისამართს უხსნიდა. დრო საკმარისი მქონდა და ძალიან მომინდა, რუსულენოვანი გოგოსთვის საქართველოსა და ქართველობაზე რაც შეიძლება კარგი შთაბეჭდილება დამეტოვებინა. გოგოც საკმაოდ სიმპათიური იყო, რაც გაცნობის სურვილს ერთი ორად მმატებდა.

უკრაინელი დარია, კიევიდან, ფსიქოლოგი ოჯახური კონფლიქტების საკითხებში. გრძელი ოქროსფერი თმა, ოდნავ კეხიანი ცხვირი, თხელი და გრძელი თითები, მომღიმარი სახე და ძალიან სასიამოვნო ხმა. ერთმანეთი საკმაოდ კარგად გავიცანით, ვისაუბრეთ ვენაზე, კულინარიაზე, ფეხბურთზე, ცხოვრებაში სამსახურის მნიშვნელობაზე, სტაბილურობის აღქმაზე, უკრაინის ეკონომიკაზე, საქართველოს ნათელ მომავალზე, ოკუპანტ რუსეთზე, არჩეულ პროფესიებზე, ინტერესებზე და ყოველ ახალ თემაზე ორივე ვგრძნობდით, რომ ერთმანეთის ძალიან კარგად გვესმოდა. გავცვალეთ სავიზიტო ბარათები, მთხოვა ბარათზე სკაიპის მიწერა, დავიხარე, დავწერე, დარია წამოდგა და მესმის ზურგს უკან მისი ხმა: ,,გაიცანი – ჩემი მეუღლე ანდრეი! ეს კი გეგა, რომელიც შენს ლოდინში გავიცანი”. ორ მეტრიან ანდრეის ხელი ჩამოვართვი, გაოგნებული სახით გავუღიმე, ავისხი გუდა-ნაბადი და დავემშვიდობე.

კაფედან გამოსულს ამ ყველაფერზე მაგრად მეცინებოდა და მიკვირდა, რომ, ყოფილ შეყვარებულთან დაშორების შემდეგ, რამდენიც ვინმე მომეწონა ყველა ან გათხოვილი იყო, ან შეყვარებული ჰყავდა.

შემდეგ იყო აეროპორტი, საიდანაც ეტაპობრივად დავიწყე აღქმა თუ ვისი გორისა ვარ და სად ვბრუნდებოდი. ავსტრიელ ოპერატორთან რეგისტრაციის გავლისას გვერდზე დახლიდან კითხვა – სადაური გაბუნია ხარ? აქ უკვე ვიგრძენი საქართველო. ერთერთი ქართული კომპანიის თვითმფრინავის ბოლო რიგში აღმოვჩნდი და შარდის სუნი მეცა, წინ გადაჯდომა ვთხოვე და ქართულად მიპასუხეს, რომ წინ ადგილები არ იყო, რამაც მაშინვე გამიქრო ქართული ენისადმი მონატრების გრძნობა. სასმელი, რომ შემომთავაზეს ლუდი მოვითხოვე, რომ კარგად დამძინებოდა და საქართველოში დამზადებული ლუდი “ჰერცოგი”, რომ მომართვეს, სრუალიად გავაცნობიერე, რომ ნამდვილად საქართველოში ვბრუნდებოდი.

დარია რამოდენიმე დღეში სკაიპით შემეხმიანა. ქეთი მართლა ძალიან კარგ მუსიკას უსმენს და აქედან გამომდინარე შიგადაშიგ ვეხმიანებით ერთმანეთს ,,ფეისბუქზე”. ახლად შეძენილი მეგობრებიდან რიჩარდი მწერს და სტოქჰოლმში მეპატიჟება. ზაფხულში შეიძლება თავად მესტუმროს თბილისში ბრაზილიელ შეყვარებულთან ერთად. ასე რომ, ცხოვრება გრძელდება და იმედია ჩემ ქვეყანასაც რამე ეშველება.

Advertisements
გალერეა | This entry was posted in ვოიაჟების ქრონიკა, Uncategorized. Bookmark the permalink.

15 Responses to ვენაში

  1. fiqro ამბობს:

    იმედია ამ წელს მაინც წავალ ვენაში 🙂

  2. fiqro ამბობს:

    და როცა წავალ აუცილებლად ეს სტატია გამახსენდება

  3. marg0rita ამბობს:

    დიდი მადლობა იმ სიამოვნებისთვის რაც ამ პოსტმა მომანიჭა 🙂 ძალიან სასიამოვნოდ წერ, ერთი ამოსუნთქვით იკითხება 🙂

  4. marg0rita ამბობს:

    პირიქით, საკმაოდ მოზრდილია ბლოგისთვის, ჩემთვის მაინც და მაგიტომ აღვნიშნე რომ ერთი ამოსუნთქვით იკითხებოდა

  5. rezusi ამბობს:

    agfrtovanebuli davrchi, geg, nawerit… sentimentalizmisa da imedis naperwklebi gvivian…;)

  6. natalye ამბობს:

    dzalian dzalian magari xar gegaaaaaaa ~~!

  7. ლიბიკა სილვესტრის ამბობს:

    მომეწონა პოსტი. ჩემს დაწერილს ჰგავს რაღაცით 🙂

    • Gega Gabunia ამბობს:

      სასიამოვნოა თუ მოგეწონა. შენ ბლოგზე ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაციაა მხატვრულად და მარტივად გადმოცემული. კარგად წერ)) გმადლობ სტუმრობისთვის 🙂

      • ლიბიკა სილვესტრის ამბობს:

        არაფერს და მეც გმადლობ რომ შეგიხედავს ჩემთან 🙂 🙂 შემიძლია იგივე გითხრა – ძალიან კარგად წერ 🙂 და საინტერესოდ იკითხება ყველაფერი, რაც გუშინ მოვასწარი და ვნახე 🙂

  8. salomeaa ამბობს:

    გამარჯობა გეგა:)
    ზუსტად 10 დღეში ვენაში მივდივარ შვებულების გასატარებლად. საინტერესო პოსტია, არაფერია ნათქვამი კლიმტზე. ვენა კლიმტის გარეშე იგივეა, რაც მუნქი ,,კივილის” გარეშე:)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s