ფლანგვა ფარცხისში

აივანზე ჰამაკი არასწორად გაუჭიმიათ და ოდნავ გადახრილია, გარე კაფის თეთრი პლასტმასის სკამები ერთმანეთში ჩაუწყვიათ, ტალავერზე მოფენილი ამერიკული ველური ჯიშის ვაზი  იზაბელა მომწიფებას ელოდება, ვახო თაკოს თმაზე ეფერება, ორივე ერთად კი ტელევიზორს მისჩერებიან, რომელიც სექსს დიდ ქალაქში უჩვენებს. აივანი კი ხეხილით სავსე ბაღს და ბირთვისის მთებს ზემოდან გადაჰყურებს. რა უნდა მენატრა უკეთესი და აივნის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში წაქცეულ ტახტზე კომფორტულად მოვკალათდი, წინ საბჭოური გამოშვების ხის სკამზე ლეპტოპი შემოვდე, მოვიმარჯვე სიგარეტი, დავიდგი ფანტა ტროპიკი და შევუდექი წერას.

ეს ესაა შესრულდა 12 საათი და შვებულების მეხუთე დღეს დავემშვიდობე. თბილისური სიველურისგან დაღლილი სწორედ აქ გადავწვყიტე გარკვეული მანქანებით გამოთვლილი წინასწარ განსაზღვრული შვებულების დღეების ფარცხისულად გაფლანგვა.

აქ ყველა ყველაფერს ფლანგავს – გელა დროს, თედო დაუმუშავებელ მიწას, მზია ახალგაზრდობას, რომელიც მთვრალი მამის მოვლას გადააყოლა, გივი ხელფასს, ნუგზარა ღმერთისგან ბოძებულ ენერგიას, მასწავლებელი ლეილა კი ბავშვების განათლებისთვის განკუთვნილ დროს, როგორც ამბობენ გაკვეთილები ძირითადად ცდება. ხარბად აკვირდებიან მთავარ გზაზე ჩავლილ ყოველ დასავლური წარმოების ავტომობილს, მისტირიან ძველ დროს და ყველა ერთხმად ეშვებიან უმაქნისობის მარხილში. მარხილი კი იმდენად დიდია, რომ ყველას ყოფნის და ყოველთვის ეყოფა.

აქ აგინებენ მთავრობას, ლანძღავენ ამერიკას და პირველ სადღეგრძელოს მშვიდობისას სვამენ. აქ მშვიდობა სხვაგვარად ესმით. მოსავალი ყოველთვის დოვლათიანი უნდა იყოს, ამინდიც ყოველთვის შესაბამისი. ამდენი შრომაც არ უნდა უწევდეთ, „როცა თბილისში კომპიუტერებთან ჯდომაში ათასებს იღებენ“. არც ვინმეს უნდა ჰქონდეს მეტი ვიდრე მათ, სახლის წინ გამსკდარ მილს მთავრობა დროულად უნდა ცვლიდეს, რის ლოდინშიც შეუძლიათ არხეინად იწვნენ, სანამ წყალი მთელს ორღობეში ტბებს არ დააყენებს. ამის შემდეგაც არხეინად იწვებიან და თუ ვინმე შესჩივლებს, იტყვიან „მე რატომ უნდა გავაკეთო, როცა ეს მილი კომუნისტების გამოყვანილია და მთავრობამ უნდა მიხედოს“-ო.

შემდეგ სადღეგრძელოში ერთხმად არჩეულ თამადას, ძირითადად მასპინძელს ადღეგრძელებენ და მეორე ჩაცლილ ჭიქას დაჯღანულები აპირქვავებენ. ტანს ზემოთ ტიტველი მასპინძელი ღიპიანი თამადა რეზო ცოლს „დედაკაცოთი“ მიმართას და სოფლის გამგებელი თედოსთვის მჟავეს გამოტანას ავალებს. ამასთან, სოფრის დანარჩენ მონაწილეებს უმხელს „მჟავე უყვარს თედოსო“. შემდეგ სადღეგრძელოში რეზო მშობლებს „ლოცავს“.

მასპინძლის მოლხენის „ახვარი მერაბას“ დასანახად მოღიავებულ ჭიშკარს ძირითადად ხანში შესული ქალები დატვირთულები ჩაუვლიან, გამარჯვებას შემოსძახებენ მომლხენებს და ცრემლნარევევი ჩაწითლებული თვალებით აგრძელებენ გზას.

კარგად გახურებულ სუფრას თედო შვილების სადღეგრძელოთი აგრძელებს. ამ დროს მახსენდება სოფელში გატარებული ზაფხულის არდადეგები და ლექსოს სახე ჯაჭვით, რომ სცემდა მამამისი ბამბუკის მოწევის გამო. სმენა მოვადუნე, ფიქრებში გავერთე, კარგიც მოვიგონე და გავაგრელე ჩემს მეგობრებთან ჯოკრის თამაში. თან შიგადაშიგ ვუყურადებდი ტექსტებს მეზობელი ეზოდან. ის პარტია წავაგე, რაც ყურადღების მოდუნებას დავაბრალე.

Advertisements
გალერეა | This entry was posted in ზაფხულის წერილები and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to ფლანგვა ფარცხისში

  1. Molly Bloom ამბობს:

    კარგად დაჭერილი კადრებია…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s